გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო სამსახურის სპეციალისტი მალხაზ ზარდიაშვილი მერს არჩილ ხანდამაშვილს სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებაში ადანაშაულებს. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
მისი თქმით, გათავისუფლების შესახებ მერის ბრძანება უკვე ჩაბარდა, სადაც წერია, რომ ის დაბალი კვალიფიკაციის თანამშრომელია, რის გამოც საფინანსო სამსახური გამართულად ვერ მუშაობს.
მალხაზ ზარდიაშვილი ამბობს, რომ 15-წლიანი სტაჟის მქონეა, ორი უმაღლესი აქვს დამთავრებული და პროფესიით ფინანსისტ-ეკომონისტია.
“გათავისულების შესახებ განცხადებაში წერია, რომ ვითომ ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი წერს, რომ შეისწავლა ჩემი განათლების დონე, კვალიფიკაცია, სამუშაო გამოცდილება და თურმე ვერ ვაკმაყოფილებს მოთხოვნებს და მოვხვდი გასათავისუფლებელ ხალხთა სიაში”,- აცხადებს მალხაზ ზარდიაშვილი.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში მალზახ ზარდიაშვილის ბრალდებებს პასუხობენ. უწყებაში განმარტავენ, რომ აღნიშნული პირის შესაძლო გათავისუფლება გამოწვეულია იმ შტატის შემცირებით, რომელზეც ის არის დასაქმებული და ამასთან, კვალიფიკაციის ან კომპეტენციის დაწუნებას არანაირი კავშირი არ აქვს.
“მალხაზ ზარდიაშვილი ნამდვილად არის იმ პირთა სიაში, რომელთა გათავისუფლება მოსალოდნელია შტატების შემცირების გამო და არავითარ შემთხვევაში მისი კვალიფიკაციის ან/და კომპეტენციის დაწუნების გამო. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მალხაზ ზარდიაშვილის შესაძლო გათავისუფლება გამოწვეულია იმ შტატის შემცირებით, რომელზეც ის არის დასაქმებული და ამასთან, მის კვალიფიკაციის ან/და კომპეტენციის დაწუნებას კავშირი არ აქვს.
რეორგანიზაციის პროექტის მიხედვით, კონკრეტული შტატი, რომელზეც მალხაზ ზარდიაშვილია დასაქმებული მცირდება, ხოლო მობილობის არ არსებობის შემთხვევაში, შტატის შემცირების თანმდევი პროცესია კადრის გათავისუფლება, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად კომპეტენტურია იგი.
რეორგანიზაციის პროცესში თანამშრომელთა კვალიფიკაციის შესწავლა-შეფასება რასაკვირველია, ბუნებრივი პროცესია, თუმცა კონკრეტულად მალხაზ ზარდიაშვილის კვალიფიკაცია არც ერთ დოკუმენტში არ შეფასებულა უარყოფითად ან არასაკმარისად, მისი შესაძლო გათავისუფლება გამოწვეულია მხოლოდ და მხოლოდ კონკრეტული შტატის შემცირებით. ამასთან, განვმარტავთ იმასაც, რომ მერიისთვის ზემოთ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ არანაირ უწყებას, თუ სუბიექტს არ მოუმართავს”,- განაცხადეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში.