მინდა ამბროლაურის მერს მივულოცო პორშეს მოგება აზარტული თამაშების გათამაშებაში – ეს არის სამარცხვინო, – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ლევან გოგიჩაიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მან პარლამენტის წევრებს აზარტული თამაშების წინააღმდეგ მოქმედებისკენ მოუწოდა.
“მე უბრალოდ, მინდა, გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და ამბროლაურის მერს მივულოცო პორშეს მოგება აზარტული თამაშების გათამაშებაში. ეს არის სამარცხვინო, სირცხვილია! მივიტანოთ იერიში სიკვდილის ინდუსტრიაზე, კოლეგებო. სანამ ეს სივრცე, სანამ ეს სიკვდილის ინდუსტრია არსებობს, ასეთი სამარცხვინო რაღაცები მოხდება ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა გოგიჩაიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ამბროლაურის მერმა, დავით მხეიძემ ლიდერბეთის გათამაშებაში ავტომობილი, 2019 წლის პორშე მოიგო. როგორც მან გათამაშების წამყვანებს უთხრა, მას გათამაშების 48 ბილეთი ჰქონდა.