დიდველზე საბაგიროს გამტარუნარიანობის ზრდისთვის 10 გონდოლა მონტაჟდება. ზამთრის სეზონისთვის ტურისტებს ჯამში 44 გონდოლა მოემსახურება, რომლითაც საათში 1 950 მგზავრს მოემსახურება. ინფორმაცის სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
პირველად ბაკურიანში საბაგირო 2005 წელს აშენდა, დამონტაჟებული 34 გონდოლა კი საათში მხოლოდ 1500 მგზავრს ემსახურებოდა. მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულების შემდეგ ბაკურიანში ტურისტებს 44 გონდოლა მოემსახურება.
“სამთო-სათხილამურო კურორტებზე, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებამ, ხელი შეუწყო ვიზიტორების ზრდას, შესაბამისად საჭირო გახდა საბაგიროს გამტარუნარიანობის გაზრდა“, – განაცხადეს „საქართველოს მთის კურორტებში“
საბაგიროს ძველი ბაგირი, 3 400 მეტრიანმა ახალმა ბაგირმა ჩაანაცვლა (46 მილიმეტრიანი), რაც საშუალებას იძლევა სამომავლოდ კიდევ 13 გონდოლის დამატების, ჯამში კი 57 გონდოლა საათში 2 500 მგზავრს გადაიყვანს.
“საქართველოს მთის კურორტებში“ აცხადებენ, რომ ინფრასტრუქტურული სამუშაოები უკავშირდება 2023 წლის სათხილამურო და სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატს, რომელიც ბაკურიანში გაიმართება.
გარდა ამისა, დიდველის ტერიტორიაზე აშენდება სამი ახალი მოდელის საბაგირო, რომელიც საათში 1800 იდან 2 400 მგზავრს მოემსახურება.