სახელმწიფო პროგრამაში „დანერგე მომავალი“ ცვლილებები შევიდა. კერძოდ, როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, პროგრამაში შესული ცვლილებების თანახმად, კენკროვანი კულტურების დაფინანსების ქვეკომპონენტის ფარგლებში, პროგრამის ბენეფიციარებს იმპორტირებული ნერგის შეძენა ადგილობრივი კომპანიებისგან შეეძლებათ.
“ნერგების იმპორტი განხორციელდება შუამავალი კომპანიის მიერ, რომელიც მოახდენს შეკვეთების კონსოლიდაციას და უცხოურ სანერგე კომპანიისაგან განახორციელებს მინიმალური კრიტიკული რაოდენობის ნერგების იმპორტს. ბენეფიციარებისთვის სავალდებულო აღარ არის ნერგების პირდაპირი იმპორტის გზით შეძენა.
აღნიშნული ცვლილება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ბენეფიციარები მრავალწლიანი ბაღების გასაშენებლად ნერგების შეძენას პირდაპირი იმპორტის გზით ვერ ახერხებდნენ – მცირე რაოდენობის პროდუქციის რეალიზაციაზე უცხოური სანერგე მეურნეობები დაინტერესებას არ გამოხატავენ,“-აცხადებენ სამინისტროში.
ცნობისთვის, პროგრამის “დანერგე მომავალი“ განხორციელება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტომ 2015 წლის მარტში დაიწყო.
პროგრამის მიზანი, მრავალწლოვანი კულტურების გაშენების გზით, საქართველოში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწების ეფექტიანი გამოყენებაა. შედეგად მოხდება იმპორტირებული პროდუქციის ქართული პროდუქციით ჩანაცვლება, გაიზრდება ექსპორტი, გაადვილდება გადამმუშავებელი საწარმოების ნედლეულით უზრუნველყოფა და გაუმჯობესდება სოფლად მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა.
პროგრამის “დანერგე მომავალი“ ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, ხეხილის ახალი ბაღები 7 799 ჰექტარზეა გაშენებული; სახელმწიფო დაფინანსების მოცულობა 43 151 000 ლარს შეადგენს.