ქუთაისის მერიის შიდა აუდიტის სამსახურმა ააიპი მადლიერების სახლი და მერიის დაქვემდებარებაში არსებული ორი შპს შეამოწმა. ამის შესახებ ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს.
სამსახურის უფროსის ზვიად ჯავახიას თქმით, გამოვლენილ მიგნებებთან დაკავშირებით რეკომენდაციები გაიცა, რომლის შესრულებასაც თვალს ადევნებენ.
უკავშირდება თუ არა “მიგნებები” თანამშრომელთა რაოდენობის ზრდას, ან ფინანსურ დარღვევებს, აუდიტის სამსახურის უფროსი ამ საკითხზე არ საუბრობს. თუმცა აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლებრივი დევნის საფუძველი არ არსებობს.
“პრობლემები ზოგადად, როგორც ნებისმიერ ჯანსაღ ორგანიზაციაში არის, თუმცა ეს არ ატარებს ისეთ ხასიათს, რომელზეც შესაძლოა სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს. ამ ეტაპზე დასრულდა მერიის სამ მუნიციპალურ საწარმოში ეს არის შპს-ები “ქუთგანათების სერვისი” და “ქართული ტრადიციები” და ააიპ მადლიერების სახლი. შემოწმების შედეგად გამოვლინდა გარკვეული მიგნებები, რომელზედაც გაიცა რეკომენდაციები. ამჟამად მიმდინარეობს მონიტორინგი რეკომენდაციების შესრულებაზე”- განაცხადა ზვიად ჯავახიამ.
დოკუმენტი მერის სარეკომენდაციო ხასიათს ატარებს და მისი გასაჯაროება არ ხდება.
ქუთაისის მერიის აუდიტის სამსახური თებერვლიდან ფუნქციონირებს და მას დაარსებიდან ზვიად ჯავახია ხელმძღვანელობს. მისი თქმით, ეს სამსახური გამოწვევებს უკავშირდება, რაც მისთვის საინტერესოა.