ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM-ის) ცნობით, 24 ოქტომბერს, ნაშუადღევს, მათი ერთ-ერთი დამკვირვებელი, რომელიც ჩორჩანა-წნელისის ტერიტორიაზე პატრულირებდა, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დროებით დააკავეს.
ოსური მხარე ინციდენტს „პროვოკაციად“ აფასებს. ცხინვალის წარმომადგენელი იგორ კოჩიევი აცხადებს, რომ დამკვირვებელმა „საზღვარი დაარღვია“ და ეს ქმედება „პროვოკაციულია“ აღნიშნულ ტერიტორიაზე სიტუაციის განმუხტვის მიზნით დაგეგმილი შეხვედრის წინ.
სადამკვირვებლო მისია კი აცხადებს, რომ ის არეალი, სადაც მათი დამკვირვებელი დააკავეს, თბილისის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიაა. ისინი სწავლობენ ინციდენტის შესახებ დეტალებს.
მონიტორინგის მისიის განცხადების თანახმად, ინციდენტიდან მალევე ამოქმედდა ცხინვალის ცხელი ხაზი.
ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ოფიციალურ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ დაკავების დეტალების გარკვევა ჯერ კიდევ გრძელდება.
ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ევროკავშირის მისიამ მნიშვნელოვნად გაზარდა ჩორჩანა-წნელისის მიდამოების პატრულირება, იქ სტაბილურობის მხარდასაჭერად.
ევროკავშირის მონიტორინგის მისიას ღრმად აშფოთებს ის, რომ EUMM-ის მონიტორებს მანდატის განხორციელებაში შეიარაღებული „აქტორები“ უშლიან ხელს.
ევროკავშირის წარმომადგენლები საკითხს 25 ოქტომბერს ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ტექნიკური შეხვედრის ფარგლებში განიხილავენ.
განცხადება გაავრცელა სამხრეთ ოსეთის დეფაქტო უშიშროების კომიტეტმაც. განცხადებაში ნათქვამია, რომ 24 ოქტომბერს სოფელ წნელისის შემოგარენში „საზღვრის დარღვევის“ გამო დააკავეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები.
„პრევენციული გასაუბრებისას მათ სახელმწიფო საზღვრის დარღვევა აღიარეს. თქვეს, რომ შემთხვევით აღმოჩნდნენ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე – „გზა აებნათ და დაიკარგნენ“. თუმცა ისინი უახლესი აპარატურით იყვნენ აღჭურვილები: ნავიგაციის მოწყობილობებით, სათვალთვალო საშუალებებით, რადიოკავშირით, ფოტო და ვიდეოაპარატურით“, – აცხადებენ დეფაქტო უშიშროების კომიტეტში. მათ დაკავებულებისა და აპარატურის ამსახველი ფოტოებიც გაავრცელეს.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში სამხრეთ ოსეთის დეფაქტო დელეგაციის ხელმძღვანელმა იგორ კოჩიევმა თქვა, რომ დამკვირვებლების ამგვარი ქმედება პროვოკაციულია, რადგან ამ რაიონში ვითარებას კიდევ უფრო ძაბავს.
„დამკვირვებლების ასეთი ქმედება პროვოკაციულია წნელისში შექმნილი ვითარების განსამუხტად დაგეგმილი ტექნიკური შეხვედრის წინ“, – ამბობს კოჩიევი.
წნელისი-ჩორჩანა-წაღვლის მიმართულებით ვითარება აგვისტოში გამწვავდა, როცა ჩორჩანის ტყეში საქართველოს საპოლიციო საგუშაგო ჩადგეს. საპასუხოდ საოკუპაციო ძალები ჩორჩანის მიმართულებით ტყეში, დაახლოებით, კილომეტრ-ნახევრით თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე შემოვიდნენ და ორი ე.წ. საგუშაგო მოაწყვეს.