რუსეთის ფილმსაცავიდან საქართველოში 17 ქართულ ფილმს აბრუნებენ

871

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრთან ერთად რუსეთის ფილმსაცავ “გოსფილმოფონდიდან” ქართული კინომემკვიდრეობის დაბრუნება გრძელდება.

ამ ეტაპზე საქართველოში 17 ქართული ფილმი დაბრუნდება, მათ შორისაა ფილმი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში დაკარგულ ფილმად ითვლებოდა: მიხეილ კალატოზიშვილის პირველი დამოუკიდებელი სარეჟისორო ნამუშევარი “მათი სამეფო“, რომელიც ასევე პირველი ქართველი ქალი რეჟისორის ნუცა ღოღობერიძის სადებიუტო ნამუშევარს წარმოადგენს.  ფილმში უნიკალური ქრონიკალური მასალაა გამოყენებული

აღნიშნული ფილმები  1926 წლიდან 1930 წ-მდე პერიოდშია გადაღებული, სიძველის გამო ფილმების საწყისი მასალები სავალალო მდგომარეობაშია და სწორედ ეს იქცა პრიორიტეტად ფილმების შერჩევისას. გასული საუკუნის 20-იანი წლებში დაახლოებით 200-მდე მხატვრული და ქრონიკალური ფილმია  შექმნილი, რუსეთის ფილმსაცავში კი მხოლოდ 54 ფილმი ინახება,  რომელთა ნაწილი უკვე ჩამოტანილია. ყველა ფილმი „სახკინმრეწვის“ ბაზაზე შეიქმნა (1938 წლიდან „თბილისის კინოსტუდია, 1953 წლიდან „ქართული ფილმი“).

ქართული კინომემკვიდრეობის სამშობლოში დაბრუნების პროცესი 2020 წელსაც გაგრძელდება, პრიორიტეტი კვლავ 20 – იანი წლების ქართული ფილმები იქნება და აღნიშნული ეტაპის დასრულების შემდეგ,  ამ პერიოდის ქართული კინომემკვიდრეობა სამშობლოში სრულად დაბრუნდება.

ამ ეტაპზე, კი შემდეგი 17 ფილმი ჩამოვა საქართველოში: “მათი სამეფო“ (1928) – რეჟისორები მ.კალატოზიშვილი, ნ.ღოღობერიძე; “ხანუმა“ (1926); “ორი მონადირე“ (1927); “ჯანყი გურიაში“ (1928) – რეჟისორი ალექსანდრე წუწუნავა; “გოგი რატიანი“ (1927); “კრაზანა“ (1928); “კომუნარის ჩიბუხი“ – რეჟისორი კოტე მარჯანიშვილი; “ბელა“ (1927) – რეჟისორი ვლადიმერ ბარსკი; “გიული“ (1927) – რეჟისორი ნიკოლოზ შენგელაია; “იბრაჰიმი და გოდერძი“ („პირველი და უკანასკნელი“ – 1927); “ღრუბელთა თავშესაფარი“ („ცხოვრებასთან შეხვედრა“ – 1928) – რეჟისორი ზაქარია ბერიშვილი; “ნორჩი მფრინავი“ (1928) – რეჟისორი ნიკოლოზ კახიძე; “ქალი ბაზრობიდან“ (1928) – რეჟისორი გიორგი მაკაროვი; “ახალგაზრდობა იმარჯვებს“ (1928) – რეჟისორი მიხეილ გელოვანი; “ჩემი ბებია“ (1928 -ძველი ვერსია) – რეჟისორი კოტე მიქაბერიძი; “საბა“ (1929) – რეჟისორი მიხეილ ჭიაურელი; “მონანიება“ (1986) – რეჟისორი თენგიზ აბულაძე;

აღსანიშნავია, რომ  „მონანიების“  ჩვენებას 2 წელია ითხოვს კანის კინოფესტივალი სექციაში Cannes Classics, თუმდა საქართველოში არსებული ასლის დაბალი ხარისხის გამო, მისი ჩვენება აქამდე ვერ ხერხდებოდა. „გოსფილფოფონდიდან“ აღნიშნული ფილმის დაბრუნება მისი კანის კინოფესტივალზე ჩვენების საშუალებას მოგვცემს. (სექცია Cannes Classics 2004 წლიდან არსებობს და იგი კინოფესტივალის სტუმრებს მსოფლიოში გამორჩეული, ლეგენდარული რეჟისორების ძველ ფილმებს სთავაზობს, რათა კიდევ ერთხელ მოხდეს ამ ნამუშევრების ხელახალი აღმოჩენა. 2019 წელს, აღნიშნულ სექციაში, 55 წლის შემდეგ პირველად ელდარ შენგელაიას და თამაზ მელიავას ფილმი “თეთრი ქარავანი” იყო ნაჩვენები).

„გოსფილმოფონდში“ დაცული ქართული კინოარქივის სრულად საქართველოში დაბრუნების შეთანხმებას ხელი 2014 წელს მოეწერა. ისტორიული მნიშვნელობის დოკუმენტის თანახმად, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო კინოფონდი – „გოსფილმოფონდი“ საქართველოს ეტაპობრივად გადმოსცემს 1921 წლიდან 1991 წლამდე გადაღებულ და ფონდის არქივში დაცულ ქართულ ფილმებს. ამ დროისთვის საქართველოში უკვე 51 ფილმი დაბრუნდა.

„გოსფილმოფონდი“ მსოფლიოს უდიდესი კინოარქივების ხუთეულში შედის, რომლის ფილმების კოლექციაში 70 000-მდე დასახელების კინოსურათი ინახება. ფილმსაცავში ყოფილი საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში მყოფი რესპუბლიკების, მათ შორის, კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ შექმნილი ფილმების ორიგინალებია დაცული.