დადიანების სასახლის თანამშრომლები, შესაძლოა, პირველი ნოემბრიდან გაიფიცონ

634
დადიანების სასახლე

ზუგდიდში, დადიანების სასახლეთა სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის თანამშრომლები შესაძლოა, პირველი ნოემბრიდან გაიფიცონ. ისინი ხელფასების გაზრდას ითხოვენ.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათ ოფიციალური წერილით მიმართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, საქართველოს განათელბის, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ბატიაშვილს და მუზეუმის დირექტორ ლილი ბერაიას, რომ თუ პირველ ნოემბრამდე კონკრეტული პასუხი არ ექნებათ ხელფასების გაზრდასთან დაკავშირებით, გაიფიცებიან.

„10-დღიან ვადაში ვითხოვდით პასუხს, თუმცა კონკრეტული პასუხი ჩვენს მოთხოვნაზე არ მიგვიღია. განცხადებით მივმართეთ პრემიერ-მინისტრს, განათლების მინისტრსა და მუზეუმის დირექტორს. ყველას გადაეგზავნათ ასლები, სადაც თეთრზე შავით წერია, რომ თუ ჩვენ პირველ ნოემბრამდე ვერ მივიღეთ ოფიციალური პასუხი, აუცილებლად გავიფიცებით. ჩვენი თვითმიზანი არ არის გაფიცვა“, – განაცხადა ნანა აბულაძემ.

ზუგდიდის დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის თანამშრომლები ხელფასების გაზრდას უკვე რამდენიმე დღეა, ითხოვენ. მათი თქმით, მუზეუმის თანამშრომელთა ხელფასი 240-330 ლარია. უწყებებში გაგზავნილ განცხადებას 34 თანამშრომელი აწერს ხელს. დანარჩენი ოთხი კი, აქციის მონაწილეთა თქმით, შვებულებაში არიან.