რუსთავში კონკრეტული საწარმოების მიერ ატმოსფეროში მავნე ნივთიერებების გაფრქვევას, სპეციალური ტექნიკით შეამოწმებენ

1061

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტი, რუსთავში კონკრეტული საწარმოების მიერ ატმოსფეროში მავნე ნივთიერებების გაფრქვევას, სპეციალური ტექნიკის მეშვეობით შეამოწმებს.

“გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტს დაევალა შეამოწმოს დეტალურად ყველა საწარმო და დაიდოს სრული სურათი. რამდენიმე საწარმო უკვე შემოწმდა. ტარდება ყველა ღონისძიება, რაც დღევანდელი კანონმდებლობითაა გათვალისწინებული, თუმცა ჩვენი ამოცანა არის არა სანქცირება ჯარიმებით, არამედ სიტუაციის გამოსწორებით. ამიტომ ახალი კანონმდებლობა, ახალი ინიციატივები ჩვენ რაც გვქონდა, მათ შორის ჰაერში გაფრქვევებთან დაკავშირებით, ვთქვით, რომ ჯარიმები იზრდება, ეს პარლამენტის შესაბამის კომიტეტთან უკვე გავლილი გვაქვს, იმისთვის, რომ ამას ქონდეს მართლა შემაკავებელი ეფექტი და მართლა მივიღოთ გამოსწორება“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში ლევან დავითაშვილმა.

მისივე თქმით, რამდენად ახდენს რუსთავის მოსახლეობაზე გავლენას საწარმოებიდან ატმოსფეროში გაფრქვეული გამონაბოლქვი ან უსიამოვნო სუნი, რომელიც ბოლო დროს რუსთაველების პროტესტის მიზეზი გახდა, ამ კითხვაზე პასუხი, შესაბამის სამინისტროს ექნება.

“ჩვენ რუსთავში მოძრავი სადგური საწარმოებთან ახლოს დავდგით და გვქონდა რამდენიმედღიანი მონიტორინგი. როდესაც ჩვენ საწარმოებთან გავზომეთ, მართლაც იყო გადაჭარბებები, იყო გარკვეული საშიში დამაბინძურებლების გადაჭარბებები. უფრო ობიექტური სურათის დასადებად, ჩვენ ახალი ტექნიკა შევიძინეთ, რომ უშუალოდ გაფრქვევის წყაროებთან დავაფიქსიროთ დამაბინძურებლები, იმისთვის, რომ კომპანიებს არ ჰქონდეთ სათქმელი, რომ ეს არ არის ჩვენი მხრიდან დაბინძურების წყარო და ეს არის ზოგადი ფონური მდგომარეობაო. ამიტომ, უფრო ობიექტური სურათის მისაღებად, ჩვენ ახალი ხელსაწყო მივიღეთ და გარემოს დაცვის დეპარტამენტი აგრძელებს ამ შემოწმებებს. რაც შეეხება უსიამოვნო სუნს ქალაქში, სუნი არის სპეციფიური ფაქტორი, სუნი არ არის გარემოზე ზემოქმედების ფაქტორი, უბრალოდ ჩვენთვის საინტერესო არის ემისიების კუთხით თუ არის დარღვევები და ამ მიმართულებთ ჩვენ ვმუშაობთ“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში ლევან დავითაშვილმა.

რუსთავის მოსახლეობა ქალაქში არსებული საწარმოების მხრიდან გარემოს დაბინძურებას, ასევე, უსიამოვნო სპეციფიურ სუნს რამდენიმე დღეა აპროტესტებს. პროტესტის ნიშნად სამოქალაქო აქტივისტებმა საზოგადოებრივი ორგანიზაცია “გავიგუდეთ“ შექმნეს. ჯგუფის წევრებმა, რუსთავის მოსახლეობასთან ერთად საპროტესტო აქციები გამართეს მეტალურგიულ საწარმო “ჯეოსთილთან“ და სოკოს საწარმო “თეთრი ქუდის“ კომპოსტის საწარმოსთან. რუსთავის მოსახლეობა და სამოქალაქო აქტივისტები პრობლემის გადაჭრას შესაბამისი სამინისტროებისგან მოითხოვენ.