რუსთავში, კულტურისა და დასვენების პარკის ტერიტორიაზე დღეს, 19:00 საათზე მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმი გაიხსნება. სიმპოზიუმში მონაწილეობას 8 ქართველი და სამი უცხოელი – ესპანელი, ფრანგი და ეგვიპტელი მოქანდაკეები მიიღებენ.
რუსთავის მერიის ინფორმაციით, სიმპოზიუმის ფარგლებში 11 სკულპტურა შეიქმნება, რომელთა განთავსებაც ძირითადად ქალაქის კულტურისა და დასვენების პარკის ტერიტორიაზე მოხდება. სივრცე, სადაც მოქანდაკეთა სიმპოზიუმი ეწყობა, კულტურისა და დასვენების პარკში სწორედ იმ ტერიტორიაზე მდებარეობს, სადაც გასული საუკუნის 90-იან წლებში პირველად გაიმართა მოქანდაკეთა სიმპოზიუმი და რომლის შედეგადაც ტერიტორიაზე 21 საინტერესო სკულპტურა განთავსდა.
სიმპოზიუმის გახსნას რუსთავის მერი დავით ჯიქია, ქვემო ქართლის გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატები საქართველოს პარლამენტში და სხვა ოფიციალური სტუმრები დაესწრებიან. სიმპოზიუმის გახსნის ცერემონიის ფარგლებში, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიასა და თბილისის სამხატვრო აკადემიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.
მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმი რუსთავში გასული საუკუნის 90-იან წლებში სამჯერ ჩატარდა და მასში მონაწილეობას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული სკულპტორები იღებდნენ. წლების შემდეგ სიმპოზიუმი პირველად 2016 წელს ,,რუსთავქალაქობის“ ფარგლებში გაიმართა.
მოქანდაკეთა სიმმპოზიუმი რუსთავის მერიისა და ,,სახელოვნებო გაერთიანებათა ცენტრის ორგანიზებით“ იმართება.