ბათუმში, აკრძალულ ზონაში, სატვირთო მანქანები და სპეც-ტექნიკა მაინც დგას

827

აკრძალვის მიუხედავად, ბათუმის ქუჩებში მძიმე ტექნიკა, მათ შორის საბითუმო ვაჭრობისთვის გამოყოფილი მანქანები კვლავ მრავლადაა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

ცნობისათვის, 26 აგვისტოს, ბათუმის ქუჩებში ყველა სახის სპეც-ტექნიკის უკანონოდ განთავსება აიკრძალა.  მერიის გადაწყვეტილებით, მძიმე სატვირთო ტექნიკა, მათ შორის საბითუმო ვაჭრობისთვის გამოყოფილი მანქანები ავტოსადგურ მეტროს ტერიტორიაზე უნდა იყოს თავმოყრილი, მძღოლებისთვის კი, ავტოსადგურით სარგებლობა უფასო იქნება. კონტროლს აიპი “მუნიციპალური სერვისების სააგენტო”, პოლიციის თანამშრომლების დახმარებით ახორციელებს.

აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს მოქალაქე დაუკავშირდა, რომელმაც ბათუმში პუშკინისა და ჟიული შარტავას, ასევე ბაგრატიონის და შარტავას ქუჩების კვეთაში განთავსებული მძიმე ტექნიკის ფოტოები მიაწოდა.

მოქალაქე მაუწყებელს უყვება, რომ სპეც-ტექნიკა აღნიშნულ ქუჩებზე უკვე ერთ კვირაზე მეტია დგას.

“ძალიან  სახიფათო მოსახვევია, როცა წრიულზე შედიხარ ხილვადობა ისედაც დაბალია და იქ განთავსებული ეს სპეც-ტექნიკა სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს. თითქმის არაფერი ჩანს”- ამბობს ზურა ნემსიწვერიძე.

მისივე განმარტებით, “მუნიციპალური სერვისების სააგენტოსაც” დაუკავშირდა, სადა უთხრეს, რომ ამკრძალავ ნიშნებზე ტენდერი უნდა გამოეცხადებინათ, ერთ თვეზე მეტი გავიდა, თუმცა აღნიშნულ მონაკვეთზე ნიშნები განთავსებული მაინც არ არის.

“მუნიციპალური სერვისების სააგენტოში” ამბობენ, რომ მძღოლები წესებს არ ემორჩილებიან და აკრძალულ ადგილებში მაინც დგებიან. მათივე ინფორმაციით, კანონდამრღვევი მოქალაქეები  დააჯარიმეს კიდეც. სააგენტოში განმარტავენ, რომ მონიტორინგის ჯგუფი საპატრულო პოლიციასთან ერთად ზემოთხსენებული მონაკვეთებიდან სპეც-ტექნიკას გაიყვანს, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ  აკრძალული ტექნიკა იქ ისევ გამოჩნდეს.

მათივე თქმით, პუშკინის ქუჩაზე ამკრძალავი ნიშანი უახლოეს დღეებში განთავსდება.