თანამედროვე ნაგავსაყრელის მშენებლობის საკითხი რწმუნებულის ადმინისტრაციაში განიხილეს

741

საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია გერმანიის განვითარების ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით სამეგრელო-ზემო სვანეთის და კახეთისა რეგიონებისთვის ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი ნაგავსაყრელების აშენებას გეგმავს. ნაგავსაყრელების მშენებლობა 2021-2022 წლებში არის დაგეგმილი. ინფორმაციას კომერსანტი ავრცელებს.

გამოცხადებული ტენდერის შედეგად, პროექტის განმახორციელებელ კონსულტანტად კომპანია CDM Smith და Saunders Group , ხოლო დამხმარე ღონისძიებების კონსულტანტად კომპანია Fichtner შეირჩა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში პროექტის განმახორციელებელ და დამხმარე ღონისძიებების საკონსულტაციო კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა, რომელსაც სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები დავით ფარცვანია, დავით ვერავა, მყარი ნარჩენების კომპანიის დირექტორის მოადგილე და რეგიონის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა ნაგავსაყრელების მშენებლობის პროექტთან დაკავშირებული დეტალები განიხილეს. უცხოელი კონსულტანტები საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას რეგიონული ფილიალების ინსტიტუციურ გაძლიერებაში, ასევე, მუნიციპალიტეტებში ნარჩენების მართვის ახალი, თანამედროვე სისტემის დანერგვაში დაეხმარებიან.

სამეგრელო-ზემო სვანეთის და კახეთის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტი მოიცავს ორი ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი რეგიონული ნაგავსაყრელის მშენებლობას და რეგიონში არსებული ძველი ნაგავსაყრელების დახურვას. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ნარჩენების გადამტვირთავი სადგურების მოწყობა და მუნიციპალიტეტების შესაბამისი ტექნიკით აღჭურვა. პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ქვეყანაში ნარჩენების მართვის ახალი, თანამედროვე სისტემის ჩამოყალიბებას, საცხოვრებელი და ეკოლოგიური პირობების გაუმჯობესებას.