ხარაზი: ბათუმის ძველ ნაგავსაყრელზე კატასტროფული მდგომარეობაა, ხოლო ახალი ნაგავსაყრელი ტექნიკურად გაუმართავია

459

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის რეზო ხარაზის განცხადებით, ბათუმის ძველ ნაგავსაყრელზე კატასტროფული მდგომარეობაა, ხოლო, ახალი ნაგავსაყრელი ტექნიკურად გაუმართავია.

როგორც რეზო ხარაზმა ბრიფინგზე განაცხადა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები ბათუმის საკრებულოს შეკრებისკენ და ქალაქის მერს არჩილ ჩიქოვანს სხდომაზე დასწრებისკენ მოუწოდებენ. მისი თქმით, ბათუმის მერიაში კორუფციაა და ქალაქის მერმა კითხვებს პასუხი უნდა გასცეს.

„სად არის ახალი ნაგავსაყრელი და რა ბედი ელოდება ძველ ნაგავსაყრელს, სადაც კატასტროფული მდგომარეობა. 2015 წლიდან ნაგავსაყრელის საკითხი ჩიხშია შესული, 5 მილიონი ლარი, ბათუმის ნაგავსაყრელისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ პირდაპირ მოიპარა.

2019 წელს ხელისუფლება ნაგავსაყრელის გახსნას გვპირდებოდა, ახლა 2022 წელია და დღესაც ნაგავსაყრელი არ არის ფუნქციური. სპეციალისტები ამბობენ, რომ ადგილზე ტექნიკური პრობლემებია, 7 მილიონი ლარი სესხი პრაქტიკულად გადაყრილია“, – განაცხადა რეზო ხარაზმა.