კონკრეტულად სად აშენდება რეგიონალური ნაგავსაყრელი კახეთში, ჯერჯერობით გადაწყვეტილება მიღებული არ არის. მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრები, პანდემიის გამო, დროებით შეაჩერა, – ამის შესახებ გამოცემა “სპექტრს” კომპანიის დირექტორის მრჩეველმა, ხათუნა ჩიკვილაძემ განუცხადა.
„ჯერ კიდევ დიალოგის პროცესში ვართ. დაგეგმილი გვქონდა ჩამოსვლა, მაგრმ პანდემიის გამწვავების გამო, გავჩერდით. როგორც კი მდგომარეობა დასტაბილურდება, მოსახლეობასთან შეხვედრებს განვაგრძობთ. ჩვენ უკვე ვისაუბრეთ თელავის მცხოვრებლებთან. სავარაუდო ლოკაციად ყველა მუნიციპალიტეტი განიხილება. როდესაც ამ შეხვედრებს დავასრულებთ, დავიწყებთ იმ ტერიტორიის შესწავლას, რაზეც კონსტრუქციული დიალოგით შევთანხმდებით. იქნება საჯარო განხილვები, რასაც მოჰყვება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღება. ამის შემდეგ შეგვეძლება ნებართვის აღება და მშენებლობის დაწყება,“ – აღნიშნა ხათუნა ჩიკვილაძემ.
ცნობისთვის, როდესაც რეგიონული ნაგავსაყრელი აშენდება, კახეთში არსებული ყველა მუნიციპალური ნაგავსაყრელი დაიხურება.
პროექტი გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის ფინანსური მხარდაჭერით უნდა განხორციელდეს.
შეგახსენებთ, რომ ნაგავსააყრელის მშენებლობის ერთ-ერთ ადგილად განიხილებოდა გურჯააანის მუნიციპალიტეტის სოფელ მელაანის ტერიტორია, რასაც მოსახლეობა აპროტესტებდა.