თეთრიწყაროში დასაქმებისა და პროფესიული განათლების ფორუმი გაიმართება

711

თეთრიწყაროში 18 ოქტომბერს სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) ორგანიზებით, დასაქმებისა და პროფესიული განათლების ფორუმი გაიმართება.

ფორუმის ფარგლებში, სამუშაოს მაძიებლები დამსაქმებლების მიერ შეთავაზებულ ვაკანსიებს ადგილზე გაეცნობიან და პროფესიული მომზადების კურსების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ. ასევე, დამსაქმებლებს საშუალება ექნებათ არსებულ ვაკანსიებზე მოიძიონ შესაბამისი კადრები.

ღონისძიებაზე ასევე გათამაშდება ფორუმის მონაწილეთათვის პროფესიული მომზადება-გადამზადების კურსების 30 უფასო ვაუჩერი. გამარჯვებულებს შესაძლებლობა ექნებათ, მათი ინტერესების შესაბამისი, პროფესიული მომზადება-გადამზადების მოკლევადიანი კურსი თავად შეარჩიონ.

სოციალური მომსახურების სააგენტომ ფორუმის გამართვის შესახებ მოკლე ტექსტური შეტყობინება worknet-ზე დარეგისტრირებულ რეგიონში მცხოვრებ, 26 000-მდე, სამუშაოს მაძიებელს წინასწარ გაუგზავნა.

ღონისძიებაზე მონაწილეობისთვის სამუშაოს მაძიებელმა რეგისტრაცია უნდა გაიაროს (სარეგისტრაციო ლინკი – http://apps.ssa.gov.ge:4000/). ღონისძიების მსვლელობისას სამუშაო მაძიებლებს ინდივიდუალურ კონსულტაციებს  გაუწევენ და საჭიროების შემთხვევაში, worknet.gov.ge-ზეც დაარეგისტრირებენ. ასევე, ფორუმზე სააგენტოს წარმომადგენლები როგორც სამუშაოს მაძიებლებს, ასევე დამსაქმებლებს ქვეყანაში დასაქმების ხელშემწყობი პროგრამებისა და სერვისების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან.

ღონისძიებაში მონაწილეობენ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების, მსხვილი და საშუალო კომპანიებისა და ევროკავშირის მხარდაჭერითა და RDFG-ის ხელშეწყობით განხორციელებული სოფლის განვითარების პროექტების წარმომადგენლები.