საბავშვო ბაგა-ბაღების ავტორიზაცია, სავარაუდოდ, მომავალი წლიდან დაიწყება – ასე უპასუხა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ პარლამენტის ტრიბუნიდან დამოუკიდებელი დეპუტატის ეკა ბესელიას შეკითხვას, რომელიც ბაღების ავტორიზაციას შეეხებოდა.
როგორც კაკაურიძემ აღნიშნა, ავტორიზაცია რამდენიმე კომპონენტთან არის დაკავშირებული და გარდა იმისა, რომ რესურსია საჭირო, საჭიროა გარკვეული დროც.
„დროა საჭირო იმისთვის, რომ საბავშვო ბაღების დიდ ნაწილს ჩაუტარდეს გარკვეული სარეაბილიტაციო და სარეკონსტრქუციო სამუშაოები, რათა შეძლონ ავტორიზაციის აუცილებელი სტანდარტების დაკმაყოფილება. დიდი ალბათობით, ავტორიზაცია უკვე მომავალი წლიდან დაიწყება. ამავდროულად, მომდევნო წლის პირველ ნახევარში იმ საბავშვო ბაღებში სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად განხორციელდება, სადაც აუცილებელია ამის გაკეთება, იმისთვის რომ ავტორიზაციის მოთხოვნები იქნეს დაკმაყოფილებული,“ – განაცხადა კაკაურიძემ.
შეგახსენებთ, რომ ბაგა-ბაღებში ავტორიზაციის დაწყების პროცესი რამდენჯერმე გადავადდა.