ფოთის მერიამ მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები წარადგინა

1241

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიამ მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების პრეზენტაცია გამართა. ინფორმაცია ინფრასტრუქტურული პროექტების თაობაზე მერის პირველმა მოადგილემ კონსტანტინე თოფურიამ წარადგინა და მანვე უპასუხა დასმულ შეკითხვებს სამომავლოდ დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით.

“2020 წელს ფოთის ყველა საბავშვო ბაღი გაზიფიცირდება, ასევე, დაიწყება ქალაქის ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი. რაც შეეხება ფოთის ჰიდრომელიორაციული ტექნიკუმის ყოფილ შენობას, მას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება და საზღვაო სასწავლებელი განთავსდება. ამასთან, გაიწმინდება და აღდგება მდინარე რიონის ქალაქში გამავალი არხი, მოეწყობა ნაპირდამცავი ჯებირები. გარდა ამისა, ფოთში მდინარე კაპარჭაზე ახალი სანიჩბოსნო ბაზა აშენდება, ამჟამად საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს. სანიჩბოსნო ბაზაზე განთავსდება საცურაო აუზი, ხოლო შენობის გარე და შიდა სივრცეები ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის.

აგრეთვე, რეკონსტრუქცია ჩაუტარდება ფოთის ცენტრალური კულტურისა და დასვენების პარკს. მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები, დასასვენებელი ადგილები და სათამაშო მოედნები ბავშვებისთვის. ასევე, იგეგმება ყოფილი უშიშროების შენობის რეაბილიტაცია, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს. ამასთან, რეაბილიტაცია ჩაუტარდება ჭავჭავაძის, თავდადებულის, თამარ მეფის, ბერდიანსკის, ბესიკის, აკაკის და წმ. გიორგის ქუჩებს. მომავალი წლიდან ფოთს 10 ახალი ავტობუსი ეყოლება და მოეწყობა გაჩერების ადგილები”, – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გარდა ამისა, პრეზენტაციის მიმდინარეობისას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ აღნიშნა, რომ ფოთში დაგეგმილი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერით განხორციელდება.