გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კვარხეთში იაპონიისგან გრანტის სახით მიღებული – 61 000 დოლარით შეძენილი მძიმე ტექნიკის პრეზენტაცია მოეწყო. აღნიშნული გრანტი მუნიციპალიტეტმა მიმდინარე წლის მარტში მიიღო.
გორის მერიის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომლებიც მუნიციპალიტეტის სოფლებში აღნიშნული ტექნიკით (ექსკავატორ-დამტვირთველი) განხორციელდება, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების ხარისხს.
“მისი საშუალებით მუნიციპალიტეტის მასშტაბით ყოველწლიურად მოეწყობა ახალი სასმელი წყლის სისტემა (8 კმ), გაიწმინდება სარწყავი არხები (8 კმ) და სავარგულებამდე მისასვლელი გზები (8 კმ). ახლადშეძენილი ტექნიკა ექსპლუატაციის მიზნით გორის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპს “სასმელი წყლების, წყალარინების, მელიორაციის, ჭაბურღილებისა და სატუმბი სადგურების სამსახურს” გადაეცა. ორგანიზაციას დღემდე მსგავსი ტიპის მხოლოდ ერთი ერთეული ტექნიკა ემსახურებოდა. ა(ა)იპ ორი ექსკავატორ-დამტვირთველის საშუალებით მნიშვნელოვნად შეამცირებს ინფრასტრუქტურულ სამუშაოების ხანგრძლივობას და გააუმჯობესებს მის ხარისხს“ – აცხადებენ მერიაში.
მათივე ცნობით, პროექტი იაპონიის საელჩოს მიერ დაფინანსებული “ადამიანის უსაფრთხოების ადგილობრივი საგრანტო პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.