ა(ა)იპ-ების რეორგანიზაცია რეგიონებში – ხარჯების ოპტიმიზაცია თუ ოპონენტებთან ბრძოლის პოლიტიკური იარაღი

1525

მთავრობა თვითმმართველი ქალაქებისა და თემების ერთ მუნიციპალიტეტად ჩამოყალიბების ერთ-ერთ მიზეზად ხარჯების დაზოგვას ასახელებს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო აცხადებს, რომ 2014 წელს გაყოფილ მუნიციპალიტეტებში სამსახურების, მათ შორის, იქ მოქმედი ა(ა)იპ-ების დუბლირება მოხდა, რამაც ხარჯები გაზარდა. ოპოზიცია და საზოგადოებრივი ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ა(ა)იპ-ების ოპტიმიზაცია არა მხოლოდ ამ ქალაქებში, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით სისტემურად უნდა მოხდეს, ამისთვის პოლიტიკური ნებაა საჭირო და ქალაქებისთვის თვითმმართველობის წართმევით, ხელისუფლება ა(ა)იპ-ების საკითხს ვერ მოაგვარებს.

გორის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი მიშა ჩიტაძე ფიქრობს, რომ მუნიციპალიტეტების გაერთიანების შემდეგ ა(ა)იპ-ების გაერთიანება არც ხარჯებს დაზოგავს და არც მათ მუშაობას გახდის ეფექტურს.

,,მეეჭვება რაიმე ეფექტი მივიღოთ. პრობლემა არა ა(ა)იპ-ების შექმნა-გაუქმება-გაერთიანებაშია, არამედ სფეროების დაფინანსების სქემებისა და მართვის პრინციპების დახვეწაში. არსებული მართვის მოდელი საბჭოთა მართვის დრომოჭმული გადმონაშთია და მკაცრად ცენტრალიზებული სისტემებისთვისაა დამახასიათებელი, იმ განსხვავებით, რომ ადრე სამმართველოები და განყოფილებები ერქვა მათ, ხოლო ახლა ა(ა)იპ-ები და სააგენტოები დაარქვეს. ეს უწყებები, უმეტესად, პარტაქტივის დასაქმებაზეა ორიენტირებული და არა სერვისების მიწოდებასა და მათ გაუმჯობესებაზე. შედეგიც სახეზეა: მთავარია, მეტი მომხრე და რაც შეიძლება მეტი დამჯერი ხალხი მუშაობდეს ამ უწყებებში და ამიტომაც სერვისების ხარისხიც და  ხარჯეფექტურობაც უკანა პლანზე იწევს“, –  აცხადებს ჩიტაძე.

2016 წელს ქალაქ გორში და გორის თემში ა(ა)იპების საერთო რაოდენობა 57 იყო. აქედან გორში 42 (მათ შორის 1 შპს),  გორის თემში კი – 15 ა(ა)იპ იყო დარეგისტრირებული. ფუნქციონირებდა ორი ტურიზმის ცენტრი, 6 სპორტული სკოლა (2 – თემში, 4 – ქალაქში), კეთილმოწყობის 2 სამსახური, მოსწავლე-ახალგაზრდობის 2 ცენტრი და ა.შ.

მიმდინარე წელს ორივე მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა ხელისუფლებამ ა(ა)იპების რეორგანიზაცია თანხების სწორად და ეფექტურად ხარჯვის მიზნით დაიწყო. რეორგანიზაციის შედეგად, გორის თემში 10 ა(ა)იპ  ჩამოყალიბდა;  6 სამუსიკო სკოლა ა(ა)იპ თვითმმართველი თემი გორის მუნიციპალიტეტის სკოლისგარეშე სახელოვნებო -საგანმანათლებლო დაწესებულებების გაერთიანებაში შევიდა, ხოლო 2 სპორტული სკოლა ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის კომპლექსურ სპორტულ სკოლად გაერთიანდა. საბავშვო ბაღების მუშაობის კონტროლის მიზნით, ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის ადრეული და სკოლამდელი სააღმზრდელო  საჯარო დაწესებულებათა მართვის სააგენტო შეიქმნა, რომელშიც მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი 40 საბავშვო ბაგა-ბაღი გაერთიანდა. დარანჩენი ა(ა)იპ-ები კი უცვლელად დარჩა.

რაც შეეხება ქალაქ გორს, აქ რეორგანიზაცია ჯერ არ დასრულებულა. ამ დროის მონაცემებით, 32 ა(ა)იპ -ია დარეგისტრირებული. აქედან 26 (საბავშვო ბაგა-ბაღები, მუნიციპალიტეტის გაზეთი, ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი, სანერგე მეურნეობა, მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფარი და სხვა) იგივე ფორმით დარჩა. დანარჩენი ა(ა)იპ-ები კი 4 ახლადშექმნილ ა(ა)იპ-ში გაერთიანდნენ –  ახალგაზრდობისა და კულტურის განვითარების ცენტრი, სპორტული სკოლების გაერთიანება, სტრატეგიული განვითარების ცენტრი და ცენტრალური ბიბლიოთეკა. დაფუძნდა კიდევ ერთი ა(ა)იპ – ადრეული და სკოლამდელი სააღმზრდელო საჯარო დაწესებულებათა მართვის საააგენტო, რომელმაც საბავშვო ბაღების მუშაობა უნდა გააკონტროლოს.

რეორგანიზაციის შემდეგ ორივე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი ამბობდა, ერთი მიმართულების ა(ა)იპ-ების ერთ გაერთიანებად ჩამოყალიბება მათ მართვას  გაუადვილებს.

რაც შეეხება რეორგანიზაციის ფარგლებში თანამშრომელთა შემცირება-გათავისუფლებას, მის დაწყებამდე ოპოზიცია აცხადებდა, რომ ხელისუფლება ა(ა)იპ-ებში რეორგანიზაციას სასურველი კადრების დანიშვნისთვის გამოიყენებდა, რასაც ადგილობრივი ხელისუფლება უარყოფდა. რეორგანიზაციის დაწყებამდე გორის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა ადგილობრივი ტელევიზიით განაცხადა კიდეც, რომ ა(ა)იპ-ებში თანამშრომლები მხოლოდ შტატის გაუქმების შემთხვევაში გათავისუფლდებოდნენ. ივნისის დასაწყისში ერთ-ერთი სამოქალაქო აქტივისტი, ახალგაზრდობისა და კულტურის განვითარების ცენტრის თანამშრომელი ლიზა ყაზიშვილი სამსახურიდან სწორედ შტატის გაუქმების მიზეზით გაათავისუფლეს.

ყაზიშვილი “თავისუფალი დემოკრატების” ადგილობრივი ორგანიზაციის წევრია და მისი გათავისუფლება საეჭვოდ დაემთხვა ქალაქ გორის საკრებულოს ხმაურიან სხდომას, რომელზეც ქალაქის სათემო მუნიციპალიტეტთან გაერთიანების საკითხი განიხილებოდა. ამ სხდომაზე ყაზიშვილი, თანაქალაქელებთან ერთად, მოითხოვდა, საკრებულოს თემთან გაერთიანების გადაწყვეტილება არ მიეღო. სწორედ ამ სხდომის შემდეგ გამოცხადდა ოფიციალურად მერიის ქვემდებარე უწყებაში რეორგანიზაცია, რომელსაც ჯერ ყაზიშვილის სამსახურიდან გაშვება, შემდეგ კი საშტატო ნუსხასა და სახელფასო ბადესთან დაკავშირებული გაუგებრობა მოჰყვა. აღმოჩნდა, რომ გორის მერიასა და ახალგაზრდობისა და კულტურის განვითარების ცენტრში ორი სხვადასხვა საშტატო ნუსხა არსებობს. ადგილობრივ ხელისუფლებას ამ საკითხზე კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.

ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ეჭვობენ, რომ ა(ა)იპ-ებიდან განსხვავებული შეხედულების მქონე პირების გათავისუფლება, სავარაუდოდ, გაგრძელდება და მათ ადგილებს მმართველი პარტიის მხარდამჭერები დაიკავებენ.

დღეისათვის, რეორგანიზაციის შემდეგ, ქალაქ გორსა და გორის თემში სულ 42 ა(ა)იპ დარჩა. მიუხედავად იმისა, რომ მათი რიცხვი, ერთი შეხედვით, 15-ით შემცირდა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ოპტიმიზაცია ხარჯებს დაზოგავს, ვინაიდან ა(ა)იპ-ების დიდი ნაწილი, უბრალოდ, ახალდაფუძნებულ გაერთიანებაში (ანუ კიდევ ერთ ა(ა)იპ-ში) შეიყვანეს. ამიტომაც იმის თქმა, რომ ხარჯთეფექტურობაში ან მართვის ოპტიმიზაციაში რაიმე არსებითად შეიცვლება, უბრალოდ, გულუბრყვილობაა.

ფაქტია, ცოტა ხნის წინ დასრულებული რეორგანიზაცია ამ უწყებებისთვის საბოლოო არ იქნება – ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, როცა ქალაქ გორს თვითმმართველი ერთეულის სტატუსი ჩამოერთმევა და კვლავ გორის სათემო მუნიციპალიტეტში გაერთიანდება, მორიგი რეორგანიზაციაც დაიწყება. მისი მიზანი, ისევე, როგორც აქამდე ჩატარებული რეორგანიზაციის, ხარჯების დაზოგვა და მართვის ოპტიმიზაცია იქნება. აქამდე ჩატარებული რეორგანიზაციით ცხადად გამოჩნდა, რომ, შემცირებული რიცხვის მიუხედავად, რეალურად, არაფერი შეცვლილა. ჯერ არავინ იცის, მომდევნო რეორგანიზაცია ხარჯების დაზოგვას მოემსახურება თუ პოლიტიკური ნიშნით თანამშრომელთა მორიგ გათავისუფლება-დანიშვნებს.