ზუგდიდში, დადიანების მუზეუმის თანამშრომლები, გაფიცვით იმუქრებიან

1291

სტატიის გაგრძელება

დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის თანამშრომლები შესაძლოა გაიფიცონ.  მიზეზი დაბალი ხელფასებია, რომელთა გაზრდასაც უკვე რამდენიმე წელია უშედეგოდ ითხოვენ. მუზეუმის ექსკურსიამძღოლმა ელზა ზოდელავამ “ლაივპრესს” უთხრა, რომ ხვალ ისინი გეგმავენ ერთობლივად მიმართვას კულტურის სამინისტროსთვის და პრემიერ-მინისტრისთვის, და თუკი ამ ყველაფერს შედეგი არ ექნება, მაშინ გაიფიცებიან.

მისი თქმით, გამოიყენეს ყველა პლატფორმა შესაბამისი უწყებებისთვის ხმის მისაწვდენად, თუმცა რეაგირება არ ყოფილა.

“ყველანი ვიტყვით ჩვენს სათქმელს”, – აღნიშნა მან.

მუზეუმის დირექტორის მოადგილე საგანმანათლებლო-სამეცნიერო დარგში, ნანა ფიფია ფეისბუკზე წერს, რომ ჯერაც ჰქონდათ იმედი, 2020-ის ბიუჯეტში მაინც მოხდებოდა მათი თხოვნის გათვალისწინება.

“დაგვრჩა ერთადერთი გზა, გაფიცვა და ამას მალე მიიღებთ”, – ამბობს ნანა ფიფია. ის აქვეყნებს სოციალურ ქსელში მასალას, სადაც საუბარია იმაზე, რომ ქვეყანამ ევროკავშირში ინტეგრაციისთვის შრომის ანაზღაურების შესაბამისი სტანდარტი უნდა უჩვენოს და წარმოადგინოს.

“ზუგდიდის მუზეუმის თანამშრომელთა ხელფასები მიუთითეთ და ეგრევე მიგვიღებენ… მართლა არაფრის არ გრცხვენიათ!!!”, – მიმართავს მუზეუმის თანამშრომელი განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროს.

მის სტატუს ქვეშ კომენტარები დატოვეს მუზეუმის სხვა თანამშრომლებმა. მზია ჭაფანძე წერს, რომ უკვე არაფრის იმედი არ აქვს.

“რამდენჯერ დავწერეთ, რამდენჯერ მივწერეთ. რამდენჯერ თხოვნით მივმართეთ, მაგრამ შედეგი?”.

სოფიკო ფიფია კი ამბობს, რომ კულტურის სამინისტრომ ისინი უპატრონოდ მიატოვა, მაგრამ რატომ, ამაზე პასუხი არ აქვს.

“უკვე დავიღალეთ ზუგდიდის დადიანების სასახლის თანამშრომლები ჩვენი ხელფასების გამოქვეყნებით.. ეტყობა ადამიანებად არ გვთვლით”, – ამბობს ის.

მუზეუმის თანამშრომლებმა ჯერ კიდევ ივლისში განუცხადეს “ლაივპრესს”, რომ დაბალი ხელფასების პირობებში უწევთ მუშაობა. აქ მეთვალყურის ხელფასი 244 ლარია, ექსკურსიამძღოლის 280. ფონდის მცველს კი 330 ლარს უხდიან. დირექტორის მოადგილის ანაზღაურება 400 ლარს შეადგენს.

განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროში “ლაივპრესს” განუცხადეს, რომ ინფორმირებულები არიან და საკითხზე მუშაობენ, თუმცა ამ ეტაპზე კონკრეტულად რაიმე ვადებზე, თუ როდის შეიცვლება ვითარება, საუბარი უჭირთ.