გზები, გარეგანათება, საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია, სკვერის კეთილმოწყობა – დუშეთის სამ სოფელში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს.
მათ შორის, ანანურის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა უახლოეს პერიოდში დასრულდება, უკვე დაიგო ასფალტის საფარი, დამონტაჟდა გარე განათება, მოეწყო გადასახედი, სკვერი და პარკირების სივრცე, ძველი სავაჭრო დახლების ნაცვლად თანამედროვე ჯიხურები განთავსდა.
ასევე გრძელდება შიდა გზების მოასფალტება სოფელ ანანურში. სრულდება ანანურის საჯარო სკოლის რემონტი, რომლის პროექტიც სკოლაში სველი წერტილების მოწყობას და სხვა აუცილებელი სამუშაოების შესრულებას ითვალისწინებს.
მიმდინარეობს სკვერის კეთილმოწყობა ციხისძირში. სოფელში დაგეგმილია საბავშვო ატრაქციონების მონტაჟიც.
რეაბილიტაცია ჩაუტარდა ჭართლის საბავშვო ბაღსაც. დაგეგმილია საავტომობილო ხიდის მშენებლობა სოფელ ჯუღისის ხევზე.
დუშეთის მერიის ცნობით, ანანურისა და ჭართლის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალი ყველა სოფლის მოსახლეობა სარგებლობს „მაღალმთიანი დასახლებების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეღავათებით.