ზუგდიდის გამგეობამ სახელმწიფოს კიდევ ერთი „ტოიოტა პრადო“ გადასცა

1787

სახელმწიფოსთვის გამგეობის კუთვნილი ავტომანქანის უსასყიდლოდ გადაცემაზე თანხმობა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებმა ერთხმად მისცეს.

ავტომანქანის სახელმწიფოსთვის გადაცემას მხარი დაუჭირეს ოპოზიციონერმა დეპუტატებმაც.

„ქონების მართვის სააგენტო შემოვიდა თხოვნით, რომ „ტოიოტას“ მარკის ავტომანქანა გადაავცეთ სახელმწიფოს უსასყიდლოდ და შემდეგ სახელმწიფო ამას შინაგან საქმეთა სამინისტროს გადასცემს“, – განაცხადა დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ნანავამ.

„ლაივპრესის“ შეკითხვაზე, როდის შეიძინეს ავტომანქანა და რომელი სამსახურის თანამშრომლები სარგებლობდნენ, საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ საკითხი მუნიციპალური ქონების მართვის სამსახურის კომპეტენციაა.

გამგეობის მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის სამსახურის უფროსმა თენგიზ ქობალიამ გვითხრა, რომ კომენტარს მოგვიანებით გააკეთებს.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ „ტოიოტა პრადო“ სახელმწიფოს 29 ივნისსაც გადასცა.

წყარო: ლაივპრესი