ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ალმატის საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეწყვეტილია. ამის შესახებ ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულება, სადაც 20 ბავშვია რეგისტრირებული, დროებით დახურულია. ყვარლის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორი აღნიშნავს, რომ შენობის რეაბილიტაცია ამ დრომდე ვერ დაიწყო, რადგან ტენდერი ორჯერ ჩაიშალა.
ზაზა ზაუტაშვილის განმარტებით, ბაღის მოსწავლეები საბუესა და გრემის საბავშვო ბაღებში არიან გადანაწილებულები.
“ტენდერი რამდენიმეჯერ ჩაიშალა, რის გამოც ალმატის საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია გადაიდო, თუმცა ბავშვები სოფელ გრემში და საბუეში არიან გადანაწილებულები. სარემონტო სამუშაოები ტენდერის გამოცხადებიდან 4 თვეში დასრულდება. ბაღი თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით რემონტდება”, – აღნიშნავს ზაუტაშვილი.