სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ პარლამენტში წარდგენილი დასკვნის თანახმად, ქუთაისის მერია 2 მილიონ 715.6 ათასი ლარის ხარჯვის საჭიროებას ვერ ასაბუთებს. ამის შესახებ ნიუპრესი წერს.
“ქუთაისის მერიამ გარე განათების ქსელის სანათი წერტილების, შუქნიშნებისა და ვიდეო- სამეთვალყურეო სისტემების საექსპლოატაციო მომსახურების შესყიდვის სატენდერო პროცესი ისე წარმართა, რომ 2015, 2016 და 2017 წლების სავარაუდო ღირებულება არ ეფუძნებოდა რეალურ გათვლებს.
“მერიამ ვერ წარმოადგინა შესაბამისი მტკიცებულებები იმისა, თუ რა აუცილებლობით იყო გამოწვეული ქსელის შემოვლა-დათვალიერებასა და მრიცხველების შემოწმებაში 715.6 ათასი ლარის გადახდა.
აუდიტის ჯგუფმა ასევე ვერ მოიპოვა საკმარისი და შესაფერისი მტკიცებულებები მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოების შესახებ. ამდენად, დაგეგმვაში, შესრულებასა და კონტროლში არსებული მართვის სისუსტეების შედეგად 715.6 ათასი ლარი დაიხარჯა არაეფექტიანად.
ასევე გარე განათების ქსელის ექსპლოატაციის ტენდერის ფარგლებში სანათების შესყიდვის განხორციელებამ, სანათების შესაძლო მიმწოდებლებს არ მისცა ტენდერში მონაწილეობის საშუალება, რის შედეგადაც შეიზღუდა კონკურენცია და მერიამ სანათები საბაზროზე არსებითად მაღალი ფასით შეიძინა”-ნათქვამია სამსახურის ანგარიშში.
აუდიტის დასკვნაში მოხვდა სოციალური საცხოვრისის საკითხიც.
“მუნიციპალიტეტში სოციალური საცხოვრისის მშენებლობის კონკურსი ჩატარდა უკონკურენტო გარემოში და სამუშაოები შესრულდა უხარისხოდ. მერიამ სოციალური საცხოვრისი შეისყიდა არასაბაზრო ფასად და ჩაიბარა 4,372 კვ.მ ფართი, ღირებულებით 4.3 მლნ ლარი. წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, სოციალური საცხოვრისის შენობის ერთი კვ.მ ფართის საბაზრო ღირებულება შეადგენს 540 ლარს, მაშინ როდესაც, მერიამ გადაიხადა 1,000 ლარი. შესაბამისად, ექსპერტის დასკვნით დათვლილ ღირებულებასა და მერიის მიერ ჩაბარებულ სამუშაოების ღირებულებას შორის სხვაობა შეადგენს 2 მლნ ლარს”,-ნათქვამია აუდისტის სამსახურის საქმიანობის 2018 წლის ანგარიშში.
აუდიტის სამსახურმა დასკვნა პარლამენტს უკვე წარუდგინა.