ხმალაძე: ტაქსების რეფორმა პირველი ოქტომბრით არ სრულდება, იქნება შემდგომი ეტაპებიც

574

წინა სტატია

ტაქსების რაოდენობა, რომელთაც A კატეგორია მიენიჭათ, მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ რეფორმა შედგა. ტაქსების რეფორმა პირველი ოქტომბრით არ სრულდება – იქნება შემდგომი ეტაპებიც, რომელიც ტაქსის მომსახურების სერვისის გაუმჯობესებას ითვალისწინებს და შემდეგ რამდენიმეწლიან ჭრილში შეგვეძლება ვთქვათ, რამდენად კარგი იყო რეფორმა. ეს არის სწორი პროცესი და ნიუანსები, რომელთაც ამ მიმართულებით ვითვალისწინებთ, – ამის შესახებ თბილისის ვიცემერმა, ირაკლი ხმალაძემ განაცხადა, რომელმაც პირველი ოქტომბრიდან ტაქსების რეფორმის მეორე ეტაპის ამოქმედების შესახებ ისაუბრა.

ვიცემერი ტაქსების რეფორმასთან დაკავშირებით, ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისთვის უცნობია, რა ინფორმაციის საფუძველზე აკეთებენ დასკვნებს პოლიტიკური ოპონენტები.

“არ მგონია, ტაქსების რეფორმასთან დაკავშირებით ოპოზიციას ზუსტი ინფორმაცია ჰქონდეს, რადგან ეს ცოცხალი პროცესია. ინფორმაცია ყოველდღიურად ახლდება. ეს მონაცემები ჩემთან გროვდება და იგი არ გამიცია, მით უფრო, ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის. აქედან გამომდინარე, რთულად დასაჯერებელია, რომ მათ რაიმე რეალური მონაცემი ჰქონდეთ და მასზე დაყრდნობით, სწორ განცხადებებს აკეთებდნენ“, – განაცხადა ხმალაძემ.

თბილისის ვიცემერმა ტაქსების რეფორმასთან დაკავშირებით რამდენიმე მნიშვნელოვან მონაცემზე გაამახვილა ყურადღება. კერძოდ, მისი თქმით, დაახლოებით, 26 ათასი ლიცენზირებული სატრანსპორტო საშუალებიდან სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება დაახლოებით, 70%-მა გაირა. შესაბამისად, მინიმალურ ტექნიკურ სტანდარტებს 30% ვერ აკმაყოფილებს, რაც მნიშვნელოვანი ციფრია.