ქუთაისში თვითმმართველობაში მოქალაქეთა ჩართულობაზე იმსჯელეს

556

რამდენად ეფექტურია მოქალაქეთა ჩართულობა თვითმმართველობის საქმიანობაში? – ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ქუთაისის წარმომადგენლობამ  დისკუსია გამართა, რომელსაც იმერეთის თვითმმართველობების და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ინფორმაციას ნიპრესი ავრცელებს.

ჩართულობის მექანიზმების შესახებ მოქალაქეთა ნაკლებ ინფორმირებულობაზე საუბრობს “საერთაშორისო გამჭვირვალობის” ქუთაისის კოორდინატორი ლელა მოწონელიძე.

“ჩვენი კვლევა მოიცავს 2017-18, 2019 წლებს, საბოლოოდ შეიძლება შევაფასოთ მდგომარეობა, რომ მოქალაქეებმა არ იციან ჩართულობის იმ მექანიზმების შესახებ,  რომლებსაც მათ  სთავაზობს კანონი და თავად ჩართულობის ეს მექანიზმებიც არის არაეფექტური”,-განცხადა ლელა მოწონელიძემ.

კვლევა ეხება მოქალაქეთა ჩართულობას იმერეთის მუნიციპალიტეტების თვითმმართველობების საქმიანობაში. კვლევის თანახმად, მოქალაქეები ნაკლებად იყენებენ ისეთ შესაძლებლობებს, როგორიცაა პეტიცია, დასახლების საერთო კრება, მრჩეველთა საბჭო.

როგორც გაირკვა, მერის მრჩეველთა საბჭო ყველაზე ეფექტურად ქუთაისში საქმიანობს, ვანისა და ზესტაფონის თვითმმართველობებში შექმნილია მრჩეველთა საბჭოები, თუმცა მათ სხდომები არ ჩაუტარებიათ, ჭიათურაში კი მხოლო ერთხელ შეძლეს სხდომის ჩატარება.