გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტებმა ყაზბეგში ზღვის დონიდან 2 940 მ სიმაღლეზე ავტომატური მეტეოროლოგიური სადგური დაამონტაჟეს.
როგორც გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, სადგური მეტეოროლოგიური პარამეტრების ატმოსფერული წნევის, ჰაერის ტემპერატურისა და სინოტივის, ნალექების რაოდენობის, ქარის სიჩქარის და მიმართულების უწყვეტ რეჟიმში გაზომვას და მონაცემების ონლაინ რეჟიმში გადაცემას უზრუნველყოფს.
‘მეტეოროლოგიური სადგურებიდან მიღებული მონაცემები ხელს შეუწყობს ამინდის პროგნოზების ხარისხის გაუმჯობესებას და მოსალოდნელი სტიქიური მეტეოროლოგიური და ჰიდროლოგიური მოვლენების შესახებ გაფრთხილებების დროულად მომზადებას და გავრცელებას”, – განმარტავენ სააგენტოში.
მათივე ცნობით, წლის ბოლომდე საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში კიდევ 4 სადგურის დამონტაჟებაა დაგეგმილი.