“ეს იყო ჩვენი საარჩევნო დაპირება” – მერია შპს “ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიას” აფუძნებს

659

ქუთაისის მერია შპს ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიას აფუძნებს. ამის შესახებ თანხმობა ქალაქის მერიას საკრებულომ უკვე განუცხადა. ქუთაისის მერის გიორგი ჭიღვარიას განცხადებით, რამდენიმე ათეული წლის შემდეგ ქალაქს მუნიციპალური ტრანსპორტი ექნება. ამის შესახებ ნიუპრესი წერს.

“რეგიონული განვითარების სამინისტროსთან ერთად ვმუშაობთ, რომ ქალაქს ყავდეს ახალი ავტობუსები, ეს იყო ჩვენი საარჩევნო დაპირება პარალელურად ვაპროექტებთ პარკს, სადაც განთავსდება ეს ავტობუსები. უკვე მობილიზებული გვაქვს თანხა და პროექტის დასრულებისთანავე დავიწყებთ მშენებლობას”-განაცხადა ქუთაისის მერმა.

ავტოპარკის პროექტირება მიმდინარეობს, ტენდერში კომპანიამ შპს “ეკა დიზანმა” გაიმარჯვა, რომელიც  ავტოპარკის პროექტირებას 60 ათას ლარამდე თანხის სანაცვლოდ მოახდენს. 

რაც შეეხება მშენებლობის ღირებულებას, მერის თქმით, წინასწარი გათვლებით,  ავტოპარკის მშენებლობა 2-3 მილიონი ლარის ფარგლებში დაჯდება. მომდევნო ეტაპზე კი დაგეგმილია ავტობუსების, მათ შორის ელექტრობუსების შემოყვანა.

ავტოპარკი ავანგარდში შენდება, საკრებულოს წევრი ლაშა გვენეტაძის განცხადებით, ეს ამ უბნის ადამიანების დასაქმებას ხელს შეუწყობს.  მერის თქმით, ყველა კადრის შერჩევა დადგენილი კრიტერიუმების თანახმად მოხდება, რაც შეეხება ქალაქის საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მომუშავე მძღოლებს, ისინი ახალ ავტობუსებზე დასაქმებას შეძლებენ. 

მერიის მიერ მუნიციპალური სატრანსპორტო კომპანიის დაფუძნებას მხარი დაუჭირა ოპოზიციის წარმომადგენელმა.  მერაბ მეშველიანის განცხადებით, გადაწყვეტილება სწორია, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ შპს ტვირთად არ დააწვეს ბიუჯეტს.

“სატრანსპორტო სქემა არსებოს, მუნიციპალურ ტრანსპორტზე გადასვლა კარგი და სწორი გადაწყვეტილებაა, მაგრამ ამას სჭირდება მონიტორინგი, რომ არ მოხდეს დამატებითი შტატების გაჩენა, რომელიც დუბლირებული იქნება და ტვირთად დააწვება ადგილობრივ ბიუჯეტს”, -განაცხადა “ევროპული საქართველოს” დეპუტატმა.