ქუთაისის მერიაში ახალი განყოფილება შეიქმნა, ოპოზიცია ამბობს, რომ საბიუჯეტო სახსრები გაიზარდა

612

ქუთაისის მერიაში „საგანგებო სიტუაციების, რისკების პრევენციის მართვის და შრომის უსაფრთხოების“  განყოფილება შეიქმნა. განყოფილებაში ექვსი ადამიანი დასაქმდება. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.

მერიაში ამბობენ, რომ სინამდვილეში შტატების გაზრდა არ მოხდება, რადგან ახალ განყოფილებაში ექვსივე თანამშრომელი საბინაო სამსახურიდან გადაიყვანეს.

შეკითხვაზე, რატომ იყო საბინაო სამსახურში ექვსი ადამიანი დასაქმებული თუ სამუშაოს მიხედით მათი საჭიროება არ იყო, მერიის იურისტი პასუხობს, რომ ისინიც საჭირონი იყვნენ, თუმცა, მერიმ  საბიუჯეტო სახსრების ეკონომია გააკეთა.

„ისინიც საჭირონი იყვნენ, მაგრამ ჩვენ ამას გვავალდებულებდა კანონი. ამიტომ საბიუჯეტო თანხები რომ დაგვეზოგა,  ექვსი შტატი გავაუქმეთ საბინაო სამსახურში, სამაგიეროდ კი შევქმენით ახალ განყოფილებაში.  ამით შტატების რაოდენობა მერიაში არ გაზრდილა, საბინაოს თანამშრომლებს  კი მეტი შრომა მოუწევთ“, – განაცხადა ირაკლი გიორგაძემ.

განსხვავებული პოზიცია აქვს საკრებულოს ოპოზიციას. „ევროპული საქართველოს“ დეპუტატი მერაბ მეშველიანი აცხადებს, რომ მერიამ პირიქით, საბიუჯეტო ხარჯები გაზარდა, რადგან ახალი განყოფილების ფუნქციების შესრულება ორ ადამიანსაც შეეძლო.

„ამ პროექტის განხორციელებისთვის,  ამ საშტატო ნუსხით 42 000-ზე მეტი ლარის გათვალისწინება უნდა მოხდეს. იმ შემთხვევაში კი, თუ მხოლოდ ორი ადამიანი დასაქმდებოდა, რაც  ვთვლი, რომ სავსებით საკმარისი იქნებოდა იმ ფუნქციების შესასრულებლად,  დაახლოებით 23 000 ლარის  ეკონომიის გაკეთება შეიძლებოდა“,- ამბობს მერაბ მეშველიანი.

ახალი განყოფილების თანამშრომლებს მერიასა და საკრებულოში შრომის უსაფრთხოების მონიტორინგი და პრევენცია დაევალება.