მიწისზედა მეტრო თუ ტრამვაი – რა არჩევანს გააკეთებს მერია დიდ დიღომში

927

დიდი დიღმის ცენტრალურ თბილისთან დასაკავშირებლად შესაძლოა ტრამვაი ან მიწისზედა მეტროს ხაზი გაკეთდეს. ამის შესახებ მაია ბითაძემ განაცხადა, მერის მოადგილემ ქალაქის ურბანული მობილობის გეგმის დეტალებზე ისაუბრა:

„გენერალური გეგმა ერთიან ჭრილში, 15-წლიან გეგმაში დაგვანახებს, თუ რა ახალი გზები, ახალი ველობილიკები, საფეხმავლო გზები და ახალი ხიდები უნდა მოეწყოს. რა ტიპის ინფრასტრუქტურა უნდა მოეწყოს მაგალითად, ტრამვაისთვის, ახალი მეტრო საით უნდა დაიგეგმოს ამ კუთხით. გენერალური გეგმა ტრანსპორტის კუთხით შემუშავდება დანიური კომპანიის მიერ, რაც საბოლოო ჯამში, თავისთავად ცვლილებებს შეიტანს მოქმედ გენერალურ გეგმაში. ეს არის უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული დოკუმენტი რომელიც ქალაქსა არასდროს ჰქონია. სამარშრუტო სქემები “სისტრას” მიერ იგეგმება. ყველაზე სუსტი წერტილი არის დიდი დიღომი, სადაც იგეგმება 24-მეტრიანი ავტობუსების დანიშვნა, რომელიც დიდ დიღომს ქალაქის ცენტრთან დააკავშირებს. გენერალური გეგმა ამ მარშრუტს კვლავ შეისწავლის და თუ გამოვლინდა, რომ 24-მეტრიანი ავტობუსები არ იქნება საკმარისი, წარმოვიდგინოთ, გლდანი-დიდი დიღომიდან ცენტრალურ თბილისთან დასაკავშირებლად, ამ შემთხვევაში პერსპექტივაში იქნება იმაზე ფიქრი, იქნება თუ არა დასამატებელი ტრამვაი ან მიწისზედა მეტროს ახალი ხაზი სწორედ ამ მიმართულებით,- განაცხადა მაია ბითაძემ.

დედაქალაქის სხდომაზე დღეს კახა კალაძემ განაცხადა, რომ მერია თბილისის მთავარ სატრანსპორტო დოკუმენტზე მუშაობას იწყებს.