კალაძე: 11 თვეში თბილისს მდგრადი 15-წლიანი გეგმა, ქალაქის მთავარი სატრანსპორტო დოკუმენტი ექნება

519

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქს დაახლოებით 11 თვეში, მდგრადი ურბანული მობილობის 15-წლიანი გეგმა ექნება, რომელიც ქალაქის მთავარი სატრანსპორტო დოკუმენტი იქნება.

როგორც კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, შესაბამის დოკუმენტზე ტენდერში გამარჯვებული დანიური კომპანია „რამბოლი“ იმუშავებს.

„უცხოელ ექსპერტებთან ერთად დავიწყეთ მუშაობა მდგრადი ურბანული მობილობის გეგმაზე, რომელიც ქალაქის მთავარი სატრანსპორტო დოკუმენტი იქნება. მარტივად რომ ვთქვა, ეს არის ტრანსპორტის გენერალური გეგმა, რომელზეც დავიწყეთ მუშაობა და ამ დოკუმენტის შემუშავებისათვის მუნიციპალური განვითარების ფონდის ტენდერში გაიმარჯვა მსოფლიოში წამყვანმა დანიურმა კომპანია „რამბოლმა“, რომელიც ამ დოკუმენტზე იმუშავებს, მერიის შესაბამისი სამსახურების ჩართულობით. თვითონ ტენდერი აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა. ურბანული მობილობის გეგმა იქნება 15-წლიანი, დროში გაწერილი დოკუმენტი, რომელიც დეტალურად განსაზღვრავს ტრანსპორტის განვითარების ყველა ასპექტს: საზოგადოებრივი და კერძო ტრანსპორტის, დისტრიბუციის ავტომანქანებისა და ველოსიპედების, ასევე ქვეითთა გადაადგილებას. ამ დოკუმენტის საფუძველზე შესაძლებელი გახდება თბილისის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გეგმაზომიერი, სტანდარტებისა და თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად განვითარება,”-განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული დოკუმენტის შედეგად, საჭირო აღარ იქნება ინდივიდუალურად კონკრეტული ქუჩების დაგეგმვა და დოკუმენტში მთელი ქალაქის მასშტაბით წინასწარ იქნება პროექტები გაწერილი. ამასთან, კალაძემ აღნიშნა, რომ ფრანგული კომპანია „სისტრა“ მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტის კუთხით მუშაობს, ხოლო „რამბოლის“ მიერ შემუშავებული დოკუმენტი დედაქალაქში მოძრავ ყველა ტრანსპორტს მოიცავს.

„ეს ხელს შეუწყობს საცობებისაგან განტვირთვას, მოხდება სწორად გადანაწილება ტრანსპორტის. გარდა ამისა, იცით, რომ „სისტრასთან“ გვაქვს ხელშეკრულება, რომელიც ტრანსპორტის მიმართულებით მუშაობს, მაგრამ განსხვავება ამ ორი კომპანიის სამუშაოს შორის ისაა, რომ „სისტრა“ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტების დაგეგმვას ითვალისწინებს, ხოლო „რამბოლი“ სტრატეგიულ დოკუმენტზე იმუშავებს და მთლიანად ქალაქში მოძრავ ტრანსპორტს მოიცავს. სრული დოკუმენტი 11 თვის თავზე გვექნება. ასევე დაწყებული გვაქვს მუშაობა, რომ ქალაქში შუქნიშნებმა შესაბამისად და სწორად იმუშაოს. ყველა განვითარებულ ქალაქში არის ჭკვიანი შუქნიშნები და ისე მუშაობს, რომ გამტარუნარიანობა გაადვილოს და საცობები არ შეიქმნას, ჩვენც გვინდა ანალოგიური გადმოვიტანოთ დედაქალაქში,“ – განაცხადა კალაძემ.