საკრებულოს დეპუტატი ალეკო ელისაშვილი თბილისის მერის არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებელ კანდიდატად მიიღებს. როგორც ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, შესაბამისი გადაწყვეტილება უკვე მიიღო.
“მე გადაწყვეტილება მიღებული მაქვს და ამ გადაწყვეტილებას საზოგადოებას, ამომრჩევლებს რამდენიმე დღეში გავაცნობ – რა გადავწყვიტე, როგორ გადავწყვიტე, რას ვაპირებ”, – განაცხადა ელისაშვილმა. მისივე თქმით, შესაძლებელია მერად კენჭისყრასთან დაკავშირებით განცხადება ამ კვირაში გააკეთოს.
“არავისთან ერთად არ ვაპირებ გამოსვლას. ჩემი მხარდამჭერი, ჩემი აზრით, იქნება ხალხი. საკრებულოში მე მოვხვდი როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი. მე ვიყავი დამოკიდებული ხალხზე და ასე ვაპირებ რომ დავრჩე”, – განაცხადა ელისაშვილმა.
ელისაშვილის თქმით, მისთვის ყველაზე სერიოზული კონკურენტი ადგილობრივ არჩევნებში სახელისუფლებო კანდიდატი იქნება.
“რეალურად ყველაზე სერიოზული კონკურენტი, რა თქმა უნდა, იქნება ხელისუფლების წარმომადგენელი. ხელისუფლებას ჯიბეში აქვს ბიძინა ივანიშვილის ფული, ბიუჯეტი, ადმინისტრაციული რესურსი, უშიშროება, კრიმინალებთან კონტაქტები. რა თქმა უნდა, მათთან ჭიდაობა მარტივი არ იქნება, მაგრამ ქალაქი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საკუთარი შიშები”, -განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
წყარო: ინტერპრესნიუსი