ასპინძის ორი სოფლის ამბულატორიის მშენებლობისთვის ტენდერი მესამედ გამოცხადდა

709

ასპინძაში, სოფლების – ვარძიისა და ოთის აბმულატორიების მშენებლობისათვის ტენდერი უკვე მესამედ გამოცხადდა. ამ ეტაპზე, კომპანიების შერჩევა-შეფასება მიმდინარეობს. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიამ ვარძიისა და ოთის ამბულატორიებისათვის ცალ–ცალკე ტენდერები მესამედ 30 აგვისტოს გამოაცხადა. თითოეულის ღირებულება 87 730 ლარია.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა 11 სექტემებრი იყო. როგორც სატენდერო დოკუმენტაციაში ვკითხულობთ, თითოეულ ტენდერში ორ–ორმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა, თუმცა მათგან თითოს, ტექნიკური დოკუმენტაციის გამო, დისკვალიფიკაცია მიენიჭა. ამ ეტაპზე, სატენდერო კომისია ორივე ამბულატორიის მშენებლობისათვის დარჩენილი კომპანიების შერჩევა–შეფასების საკითხს განიხილავს. გაფორმდება თუ არა მათთან ხელშეკრულებები, ჯერ უცნობია.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ამბულატორიებში უნდა გაკეთდეს გასახდელი ოთახები, სამედიცინო ოთახები, მომსახურე პერსონალის ოთახები, სველი წერტილები.

ოთისა და ვარძიის აბმულატორიების მშენებლობისთვის ტენდერები პირველად 17 ივლისს, იგივე თანხაზე, გამოცხადდა. ამბულატორიების მშენებლობის მსურველი მხოლოდ ერთი კომპანია – „XXI საუკუნე“ აღმოჩნდა, რომელსაც, ორივე ტენდერის შემთხვევაში, დისკვალიფიკაცია მიენიჭა იმის გამო, რომ კომპანიამ ხელშეკრულების დადებაზე უარი თქვა.

ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიამ მეორედ ტენდერი, 14 აგვისტოს, იგივე თანხაზე, გამოაცხდა. განაცხადების მიღების ვადა 26 აგვისტოს ამოიწურა, თუმცა, როგორც სატენდერო დოკუმენტაციაში ვკითხულობთ, ტენდერი არ შედგა, რადგან მონაწილეობა არავინ მიიღო.