ვაკის რაიონში ვაჟა-ფშაველას I კვარტლის III კორპუსის მიმდებარედ საკალათბურთო მოედნისა და სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა.
გამგეობის ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში, ტერიტორიაზე სპორტული მოედნის საფარი, გულშემატკივრების ტრიბუნები და სხვა შესაბამისი ინფრასტრუქტურა განახლდა. ასევე, მოიხატა სტადიონის მიმდებარედ არსებული კედელი.
გარდა ამისა, ამავე ტერიტორიაზე არსებულ სკვერში დამონტაჟდა ახალი საპარკე ინფრასტრუქტურა – ურბანული ავეჯი, მოეწყო საბავშვო-გასართობი მოედანი, განათებისა და სარწყავი სისტემები, ასევე, ფეხით სავალი ბილიკები.
სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობისას დასასვენებელი სივრცე გამწვანდა – დაირგო მცენარეები, ბალახი კი ინოვაციური მეთოდის გამოყენებით – ჰიდროთესვის პრინციპით დაითესა. აღნიშნული მეთოდით ბალახი სპეციალური მანქანით ითესება -ნიადაგს ესხურება თესლის, სასუქებისა და დამხმარე ნივთიერებებისგან შედგენილი ნარევი, რაც მისი ხარისხის გაუმჯობესებას უწყობს ხელს.
სპორტული მოედნისა და სკვერის რეაბილიტაციის პროექტების ჯამური ღირებულება 270 528 ლარს შეადგენს.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული სკვერის პირველი ნაწილი გასულ წელს მოწესრიგდა, ხოლო მეორე ნაწლის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის ივლისში დასრულდა, ამ ეტაპზე კი, სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში სკვერის მესამე ნაწილი კეთილმოეწყო.