ახალქალაქის სოფელ ბავრასთან დამსკდარი ასფალტი კომპანიამ აღადგინა

1062

ახალქალაქის სოფელ ბავრასთან მისასვლელ გზაზე ახლადდაგებული ასფალტი, რომელიც სამ ადგილზე იყო დამსკდარი, სამშენებლო კომპანია “არალმა“ აღადგინა. სამუშაოები უკვე დასრულებულია. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

ახალქალაქის მერის,იური უნანიანის თქმით, კომპანიას სამუშაოების შესრულების შემდეგ დაზიანების გამოსასწორებლად, საგარანტიო ვადები ჰქონდა.

“თუ ამ ვადებში ვერ ჩაეტეოდა და ვერ აღმოფხვრიდა პრობლემას, ბუნებრივია, შესაბამისი რეაგირება მოხდებოდა და დაჯარიმდებოდა. თუმცა ის ადგილები, სადაც ასფალტი დამსკდარი იყო, აღდგენილია“, – გვითხრა ახალქალაქის მერმა იური უნანიანმა.

მერიასა და სამშენებლო კომპანიაში ამბობენ, რომ ახლადდაგებული ასფალტის დაზიანება, გზაზე მოძრავმა მძიმე ტრანსპორტმა გამოიწვია. კომპანია “არალმა“ ახალქალაქში, ბავრა–კარტიკამი–აბულამდე მისასვლელი გზა 1 048 150 ლარად გააკეთა.

ამ გზის მშენებლობის პროცესში, ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა, რამაც, კომპანიის სამუშაოების გამო, ადგილობრივების პროტესტი გამოიწვია.

სოფელ კარტიკამისა და ბავრის მოსახლეობა „არალს“ ასფალტის უხარისხოდ და სტანდარტული ნორმების დარღვევაშიც ედავებოდნენ. გზაზე შესრულებული სამუშაოების შემდეგ, ახლადდაგებული ასფალტი დაზიანდა. აღნიშნულ პრობლემებზე „სამხრეთის კარიბჭეს“ არაერთი მასალა აქვს მომზადებული, მათ შორის ივლიტისა და ჭვინთა–ელიაწმინდის გზებთან დაკავშირებით.