“სოფლად ცხოვრება, როგორც ტურისტული პროდუქტი“ – ამ თემაზე ბათუმში სოფლის ტურიზმის მესამე საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა. ღონისძიებაში 150-მდე ქართველი და უცხოელი დელეგატი მონაწილეობს.
“სპეციალისტები ბელგიიდან, ფინეთიდან, გერმანიიდან, უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან და საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან სოფლის ტურიზმის მიმართულებით თავიანთ გამოცდილებასა და წარმატებულ ტურისტულ მაგალითებზე საუბრობენ.
კონფერენციის სტუმრებს ევროპული გამოცდილება ღონისძიების სპეციალურმა სტუმარმა ფინეთიდან, ევროპის სოფლის ტურიზმის ასოციაციის პრეზიდენტმა კიმმო აალტომ გაუზიარა.
ღონისძიებაში საოჯახო-სასტუმრო სახლების მეპატრონეები, ექსპერტები, ტურისტული სააგენტოების, სოფლის და ეკო ტურიზმის სხვადასხვა სფეროს, ასევე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ”, – აცხადებენ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში.
მათივე ცნობით, კონფერენცია ორ დღე გაგრძელდება. ღონისძიება აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით იმართება.
Posted by Department of Tourism and Resorts of Adjara on პარასკევი, 20 სექტემბერი, 2019