აჭარის დაბებსა და სოფლებში წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტი საქართველოს მთავრობის, გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკისა და ევროკავშირის ერთობლივი თანამშრომლობით დაიწყო.
როგორც აჭარის მთავრობაში აცხადებენ, პროექტის ფარგლებში ქობულეთის, ხელვაჩაურის, ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტებში თანამედროვე სტანდარტების წყლისა და წყალარინების სისტემა შეიქმნება.
უწყების ცნობით, აჭარის სოფლებში წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტის განსახორციელებლად 50 მილიონ ევროზე მეტია გამოყოფილი. დღეს ხელი მოეწერა დოკუმენტს, რომლის თანახმადაც, აჭარაში სუფთა წყლისა და წყალარინების მისაღწევად სპეციალური პროგრამები შემუშავდება.
“დღეს ხელი მოვაწერეთ ძალიან მნიშვნელოვან ხელშეკრულებას, რომელიც არის წინაპირობა იმისა, რომ აჭარის სოფლებსა და დაბებში 200 000-ზე მეტ ჩვენს მოქალაქეს ექნება წყალმომარაგებისა და წყალარინების გამართული ინფრასტრუქტურა. სოფლებში წყალმომარაგება-წყალარინების კუთხით არის მნიშვნელოვანი გამოწვევები და პროექტი, რომელსაც დღეს ჩაეყარა საფუძველი, უზრუნველყოფს სწორედ იმას, რომ ყველა სოფელს, დაბას აჭარაში ჰქონდეს თანამედროვე ინფრასტრუქტურა“, – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ.
აჭარაში წყლის სისტემის განვითარების პროექტზე ცნობილი საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიები MACS და Fichtner იმუშავებს.
მსოფლიოს წამყვან კომპანიებთან ხელშეკრულება „აჭარის წყლის ალიანსმა” ოფიციალურად გააფორმა. ტენდერში გამარჯვებული ორი კომპანიიდან, ერთი კონსულტანტი მუნიციპალიტეტებისთვის საინჟინრო-საპროექტო დოკუმენტაციას და მის შემდგომში განხორციელებას უზრუნველყოფს. აღნიშნული მიმართულებით Fichtner იმუშავებს. „აჭარის წყლის ალიანსისა“ და მუნიციპალიტეტების ტექნიკურ დახმარებასა და ინსტიტუციურ მხარდაჭერას კი კომპანია MACS განახორციელებს.
ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, რეგიონის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი, ევროკავშირის დელეგაციის ატაშე საქართველოში ალექსანდრე დარასი, KFW-ს პროექტების მენეჯერი ბერნდ ჰასელი, აჭარის მუნიციპალიტეტების მერები და აჭარის წყლის ალიანსის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.