დეცენტრალიზაციის სტრატეგიაზე მუშაობა სრულდება, მთავრობამ კი ისევ არ იცის, დაუტოვებს თუ არა თვითმმართველობებს დაცული ტერიტორიებიდან მიღებული შემოსავლის ნაწილს

2340

ეკატერინე ბასილაია

პრომეთეს მღვიმე, მარტვილისა და ოკაცეს კანიონები – საქართველოს ეს სამი ყველაზე მსხვილი შემოსავლის მიმღები დაცული ტერიტორია ტურისტებისთვის ყველაზე მიმზიდველი ადგილია და ბოლო წლებია, ამ და კიდევ 11 ასეთ ტერიტორიაზე ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები ყოველწლიურად იზრდება, თუმცა, ადგილობრივი ჩინოვნიკები და თვითმმართველობაზე მომუშავე არასამთავრობო სექტორი პრობლემად მიიჩნევენ იმას, რომ მუნიციპალიტეტებში ტურისტების ყოველწლიური მატება ერთი თეთრითაც არ ზრდის ადგილობრივ ბიუჯეტს, რადგან შემოსავლის მიმღები არა მუნიციპალიტეტი, არამედ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოა“. 

სამოქალაქო სექტორში აცხადებენ, რომ დაცული ტერიტორიებისა და თვითმმართველობების ურთიერთობის საკითხი დეცენტრალიზაციის ეროვნულ სტრატეგიაში აუცილებლად უნდა აისახოს, ამიტომაც სამუშაო შეხვედრებზე, სადაც სტრატეგიის პროექტის განხილვა ერთ წელზე მეტია, მიმდინარეობს, ჯერ სიტყვიერად, შემდეგ წერილობითაც დააყენეს ინიციატივა, რომ გარკვეული კატეგორიის დაცული ტერიტორიებიდან შემოსული შემოსავალი ცენტრალურ და ადგილობრივ ბიუჯეტებს შორის გადანაწილდეს.

ასევე, ინიციატივაა, რომ გრძელვადიან პერიოდში დაცული ტერიტორიების გარკვეული კატეგორიები (მაგალითად, პრომეთეს მღვიმე, მარტვილის და ოკაცეს კანიონები) მუნიციპალურ საკუთრებაში გადავიდეს კიდეც.

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია droa.ge-სთან აცხადებს, რომ სამოქალაქო სექტორის ეს წინადადება მან წერილობით რამდენიმე დღის წინ მიიღო, თუმცა, მას ამ საკითხზე არ უმუშავია, ამიტომ თემაზე დამატებით ვერაფერს იტყვის; წერილი კი, როგორც ზოგადი რეკომენდაცია, პარლამენტის სხვა რეკომენდაციებთან ერთად, მთავრობას უკვე გადაუგზავნა და ახლა უკვე სექტემბრის ბოლოსთვის უნდა გაირკვეს, მთავრობამ დეცენტრალიზაციის ეროვნულ სტრატეგიაში რა გაითვალისწინა და რა – არა.

წინასწარ დაანონსებულია, რომ სტრატეგია, რომელზეც 2 წელია, მთავრობაში მუშაობენ, სწორედ სექტემბრის ბოლოს უნდა დამტკიცდეს და მიუხედავად იმისა, რომ სექტემბრის ბოლომდე არცთუ ისე დიდი დროა დარჩენილი და წესით, სტრატეგიის შემუშავებაში ჩართულ სამინისტროებში საბოლოო აზრიც თითქმის ჩამოყალიბებული უნდა იყოს, უწყებები ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებენ იმასთან დაკავშირებით,  საერთოდ დაიწყო თუ არა მსჯელობა დაცული ტერიტორიებიდან მიღებული შემოსავლების გაყოფის საკითხზე.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ გარემოს დაცვის სამინისტროსთან ამ საკითხზე კომუნიკაცია უკვე შედგა და სამუშაო განხილვაც დაწყებულია, გარემოს დაცვის სამინისტროში კი ამბობენ, რომ მათთან ჯერ ოფიციალური განხილვა მაია ცქიტიშვილის უწყებას არ დაუწყია.

რას კარგავენ მუნიციპალიტეტები ადგილობრივი ტურიზმიდან?

საქართველოში 87 სხვადასხვა კატეგორიის დაცული ტერიტორიაა. ტურისტული ინფრასტრუქტურა მოწყობილია მხოლოდ 16 ტერიტორიაზე, ამათგან კი შემოსავლის მიმღები მხოლოდ 14-ია. წლებია, დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რიცხვი და შესაბამისად, ტურიზმიდან შემოსული შემოსავლებიც იზრდება.

ვიზიტორთა სტატისტიკა დაცული ტერიტორიების მიხედვით

2018 წელს დაცულ ტერიტორიებს 1 108 503 ვიზიტორი ესტუმრა, ხოლო ეკოტურისტული სერვისებიდან მიღებულმა შემოსავალმა 8 436 125 ლარი შეადგინა, რაც წინა, 2017 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან (4 504 473 ლარი) შედარებით 87%-ით მეტია.

2019 წლის 8 თვის მონაცემებით კი, დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 8%-ით გაიზარდა და 889 321 შეადგინა. ამავე პერიოდში მიღებულმა შემოსავალმა 7 836 484 ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 27%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

შემოსავლების სტატისტიკა დაცული ტერიტორიების მიხედვით

ტურისტების ინტერესისა და შემოსავლის მიმღები დაცული ტერიტორიების პირველ სამეულშია: პრომეთეს მღვიმე, მარტვილის კანიონი და ოკაცეს კანიონი.

პრომეთეს მღვიმის შემოსავალი 2017 წელს 1 887 064 ლარი იყო, ხოლო 2018 წელს – 3 737 605 ლარი, ანუ შემოსავალი 98%-ით არის გაზრდილი;

მარტვილის კანიონის შემოსავალი 2017 წელს 1 274 463 ლარი იყო, 2018 წელს კი – 2 558 970 ლარი, ანუ შემოსავალი 101%-ითაა გაზრდილი;

ოკაცეს კანიონის შემოსავალი 2017 წელს 538 506 ლარს შეადგენდა, ხოლო 2018 წელს – 951 108 ლარს, რაც იმას ნიშნავს, რომ შემოსავალი 77%-ით არის გაზრდილი.

„დაცული ტერიტორების შემოსავალი მუნიციპალიტეტებს უნდა დარჩეთ“

სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მდებარე დაცული ტერიტორიები სახელმწიფოს საკუთრებაშია, შესაბამისად, შემოსავლის მიმღები საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ „დაცული ტერიტორიების სააგენტოა“ და  ამ ობიექტებიდან შემოსული შემოსავალი არც ერთი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში არ შედის.

არასამთავრობოები აცხადებენ, რომ ეს მნიშვნელოვნად უშლის ხელს ადგილობრივ ეკონომიკურ განვითარებას: მუნიციპალიტეტები მოკლებულნი არიან შესაძლებლობას, მათსავე ტერიტორიაზე არსებული ქონება გამოიყენონ შემოსავლების გასაზრდელად, ამიტომაც ინიციატივაა, რომ შემოსავლების რაღაც პროცენტი მუნიციპალიტეტებს დარჩეთ. მსგავსი ინიციატივა „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ პარლამენტს წერილობითაც წარუდგინა.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ დაცული ტერიტორიების გარკვეული ნაწილი შეიძლება სამართავად გადაეცეს მუნიციპალიტეტებს. ამ შემთხვევაში ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ იმ დაცულ ტერიტორიებზე, სადაც  განთავსებულია ტურისტული ცენტრები და  რაშიც ვიზიტორი იხდის თანხას. მაგალითად, მარტვილის კანიონი, ოკაცეს კანიონი, ისეთი დაცული ტერიტორიები, რომლებიც განსაკუთრებულად საინტერესოა ტურისტებისთვის და რომელსაც საკმაოდ სოლიდური შემოსავალი შემოაქვს ვიზიტორებისაგან. პარადოქსია ის, რომ ეს ადგილები თვითმმართველობის ტერიტორიაზე მდებარეობს და  მუნიციპალიტეტს, სამწუხაროდ, აქედან არანაირი შემოსავალი არ აქვს. ამიტომაც ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ ნაწილში უნდა მოხდეს გარკვეული ტიპის დეცენტრალიზაცია და თვითმმართველობებმაც მიიღონ ამ ტერიტორიებიდან რაღაც ოდენობის შემოსავალი. ვფიქრობთ, ეს მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. ეს გაზრდის მუნიციპალიტეტების შემოსავლებს და ამასთან, ხელს შეუწყობს თვითმმართველობების დაინტერესებას, იზრუნონ ტურიზმის განვითარებაზე,“- აცხადებს ორგანიზაციის ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელი არჩილ თოდუა.

თოდუა, ასევე, ამბობს, რომ ამ საკითხზე საკმაოდ აქტიურია მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი, რომელმაც დეცენტრალიზაციის სტრატეგიის სამუშაო შეხვედრაზე ინიციატივაც წამოაყენა, რომ მუნიციპალიტეტს დაცული ტერიტორიებიდან შემოსავლის ნაწილი უნდა დარჩეს.

„ერთ-ერთ შეხვედრაზე მარტვილის მერმა თქვა, რომ მის ტერიტორიაზე მდებარე საკმაოდ სოლიდური შემოსავლის მომტანი დაცული ტერიტორიიდან მათ მუნიციპალიტეტს უნდა დარჩეს რაღაც შემოსავალი. თუკი მერები დაინტერესებულები არიან, გაეზარდოთ შემოსავლები, მათ ინტერესშიც უნდა შედიოდეს ის, რასაც ჩვენ ვამბობთ. სხვა მერები რას ფიქრობენ, არ ვიცი. ახლა ველოდებით, გაიზიარებს თუ არა მთავრობა ამ ინიციატივას,“- დასძენს თოდუა.

როგორც მარტვილის მერი ალექსანდრე გრიგალავა droa.ge-სთან საუბრისას აცხადებს, ყველა მერის სურვილია, თავისი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი რაც შეიძლება მეტი იყოს, რომ მეტი საქმე გაკეთდეს, ამიტომაც მისი სურვილია, რომ მარტვილის კანიონის შემოსავლის ნაწილი დარჩეს მუნიციპალიტეტს.

„მარტვილის კანიონი გახდა მარტვილის სავიზიტო ბარათი, ვიზიტორების რაოდენობა ყოველწლიურად მატულობს, თუმცა, კანიონი დაცული ტერიტორიების სააგნტოს საკუთრებაშია და შემოსავალიც მთლიანად მათია. ჩვენ სხვის ქონებას ვერ შევეხებით, თუმცა, მივესალმებოდი, რომ შემოსავლების რაღაც ნაწილი მუნიციპალიტეტს გვრჩებოდეს. დღეს კანიონიდან ადგილობრივ ბიუჯეტში არაფერი შემოგვდის,“- ამბობს გრიგალავა.

მისი თქმით, მარტვილის მუნიციპალიტეტის სურვილია, თვითმმართველობაში მდებარე სხვა ტურისტული ინფრასტრუქტურაც მოეწყოს და შემოსავალი მუნიციპალიტეტს დარჩეს, თუმცა, რამდენად მოხერხება ახალი დაცული ტერიტორიის შექმნა და მისი მუნიციპალიტეტის მიერ მართვა, ეს ჯერ არც მარტვილის მერმა იცის.

„მდინარე აბაშა სოფელ ბალდიდან იღებს სათავეს. ხეობის გაყოლებით იგეგმება  სხვა ტურისტული ადგილების მოწყობა. აქ ულამაზესი ადგილებია – ონიორეს ჩანჩქერი, რომელიც საქართველოში ყველაზე დიდი ჩანჩქერია, კიდევ სხვა კანიონები, მღვიმეები და გამოქვაბულებია ხეობის გაყოლებით და გვინდა, რომ ეს მოვაწყოთ. ახლა მისასვლელი გზა კეთდება. ასევე, გზა კეთდება კურორტ ლებარდეს მიმართულებით, რაც, ასევე, დიდ შემოსავალს მოიტანს. თუმცა, ადგილობრივი ბიუჯეტით ჩვენ საჭირო ინფრასტრუქტურას ვერ  ვაკეთებთ, არ არის თანხები, ამიტომ რადგანაც ცენტრალური ბიუჯეტიდანაა დაფინანსება, ჩვენი სურვილია, უკვე არსებული დაცული ტერიტორიიდან გარკვეული შემოსავლის ნაწილი მაინც რჩებოდეს მარტვილში, რომ ის მუნიციპალიტეტის და ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობას მოხმარდეს,“- ამბობს გრიგალავა.

მიუხედავად იმისა, რომ მან ეს ინიციატივა არაერთ შეხვედრაზე დააყენა, მარტვილის მერისთვის ჯერ ისევ უცნობია, რა პოზიცია აქვს საქართველოს მთავრობას ამ საკითხზე. უფრო მეტიც, პარლამენტშიც და მთავრობაშიც აცხადებენ, რომ მარტვილის მერისა თუ არასამთავრობოების ეს ინიციატივა მათ მხოლოდ ახლა, სტრატეგიის დასრულების მიჯნაზე გაიგეს და საკითხზე ჩამოყალიბებული აზრიც არ აქვთ.

ერთადერთი, ითქვა მხოლოდ ის, რომ მარტვილის მერისა და არასამთავრობოების „ზოგადი ინიციატივა“ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა მოიწონა.

კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია აცხადებს, რომ „რეკომენდაციას ეთანხმება“ და წინადადებების ჩამონათვალში, რომელიც ორშაბათს გადაუგზავნა მთავრობას, „საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს“ წერილობითი რეკომენდაციაც ჩართეს, თუმცა, პარლამენტს ამ წინადადებაზე არ უმუშავია და დეტალებზეც ვერ ისაუბრებს.

„რეკომენდაცია გადავაგზავნეთ, მაგრამ ეს არის ძალიან ზოგადი რეკომენდაცია, რადგანაც ამაზე ჩვენ სტრატეგიულად არ გვიმუშავია. ამით ჩვენ სამოქალაქო სექტორს მივეცით შესაძლებლობა, რომ მათი ხმა თუ მოსაზრებები პარლამენტის რეკომენდაციებში ყოფილიყო დაფიქსირებული. ამიტომ ეს რეკომენდაცია პარლამენტის წინადადებებში ავსახეთ პირდაპირ იმ ფორმით, როგორც გამოგვიგზავნეს, რაც საკმაოდ მშრალი ფორმულირებით იყო,“- ამბობს გაბუნია.

მისივე თქმით, ეს წინადადება შემდგომში აჩენს მეტი დისკუსიისა და მსჯელობის აუცილებლობას სამთავრობო კომისიის ფარგლებში, ამიტომ წინასწარ ვერ იტყვის, მოხდება თუ არა მისი გაზიარება.

„სამთავრობო დონეზე კონსულტაციების გავლა საჭირო იქნება და ჩვენ ამ კონსულტაციების და ზოგადად, ამ რეკომენდაციებზე მთავრობის პოზიცია გვეცოდინება ახლო პერიოდში, მას შემდეგ, რაც დეცენტრალიზაციის რეფორმის დოკუმენტს დაამტკიცებენ,“- დასძენს გაბუნია.

დიდი გაუგებრობა სამინისტროებში

დეცენტრალიზაციის ეროვნულ სტრატეგიაზე მუშაობა უკვე 2 წელია მიმდინარეობს, თავდაპირველად დაანონსებული იყო, რომ სტრატეგია 2018 წლის ბოლოს უნდა დამტკიცებულიყო, თუმცა, დოკუმენტი ჯერ ისევ განხილვის სტადიაშია. ამჯერად დაანონსდა, რომ მისი დამტკიცება სექტემბრის ბოლოს აუცილებლად მოხდება.

სტრატეგიის წამყვანი უწყება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროა, დაცული ტერიტორიებიდან მიღებული შემოსავლების გადანაწილებს საკითხის განხილვაში კი უშუალოდ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროც უნდა ჩაერთოს, თუმცა, ჯერ არც ერთ ამ უწყებაში არ აქვთ ჩამოყალიბებული ხედვა, დაცული ტერიტორიებისა და თვითმმართველობების ურთიერთობების საკითხი როგორ უნდა გადაწყდეს, მიუხედავად იმისა, რომ მაია ცქიტიშვილის უწყების მტკიცებით, სექტემბრის ბოლოს, ანუ 10 დღეში, სტრატეგია დასამტკიცებლად მთავრობას აუცილებლად წარედგინება.

სექტემბრის ბოლომდე არცთუ ისე დიდი დროა დარჩენილი და გარემოს დაცვის სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ მათ სამოქალაქო სექტორის ინიციატივის შესახებ არაფერი იციან და ჯერ არც  ცქიტიშვილის უწყებას დაუწყია მათთან ამ საკითხზე ოფიციალური მსჯელობა.

„ჩვენთან ოფიციალურად უნდა შემოვიდეს ინიციატივა. ამაზე ლაპარაკი არასდროს ყოფილა, ინიციატივაში რა ჩაიწერა, ჯერ ჩვენთან მოსული არ არის, ამიტომ ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. საკითხი სიღრმისეულ შესწავლას საჭიროებს, თან ფინანსთა სამინისტროსთან ერთად უნდა განვიხილოთ, რადგან ბიუჯეტირების პროცესს ეხება. ამაზე საუბარი დაიწყება მას შემდეგ, როცა ოფიციალური უწყებები ერთად დასხდებიან, ოფიციალურ სამუშაო შეხვედრებს გამართავენ და საკითხი იქნება დეტალურად შესწავლილი“, – განუცხადა droa.ge-ს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა ნანა ჩინჩილაკაშვილმა.

გარემოს დაცვის სამინისტროსგან განსხვავებით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ დაცული ტერიტორიების შემოსავლების თემაზე კომუნიკაცია უკვე შედგა და სამუშაო პროცესიც დაწყებულია, როგორც ფინანსთა, ისე გარემოს დაცვის სამინისტროსთან, საბოლოო პასუხი კი სექტემბრის ბოლოს გახდება ცნობილი, როცა სტრატეგია მთავრობას დასამტკიცებლად წარედგინება.

„ზაზა გაბუნიას კომიტეტზე დაფიქსირდა წინადადება დაცული ტერიტორიებიდან ტურიზმით შემოსული შემოსავლის მუნიციპალიტეტში დატოვებაზე, „საერთაშორისო გამჭირვალობიდან“ შემოვიდა ეს თემა. ახლა უკვე გარემოს დაცვის სამინისტროსთან და ფინანსთა სამინისტროსთან კონსულტაციების ეტაპია, კომუნიკაცია იყო და ჯერ სამუშაო პროცესია. ამიტომ გადაწყვეტილებას ვერ გეუბნებით. თვის ბოლომდე ეს სტრატეგია დასამტკიცებლად წარედგინება მთავრობას და იქ აისახება, ხერხდება რეკომენდაციის გათვალისწინება თუ ვერ ხერხდება,“- აცხადებს პრესსამსახურის უფროსი ჯონი კალანდაძე.

დეცენტრალიზაციის სტრატეგიის მიღებამდე, მთავრობის ამჟამინდელი დაპირებით, სულ 10 დღეა დარჩენილი. თუმცა, როგორც ხედავთ, გადაწყვეტილება, თუნდაც ამ ერთ კონკრეტულ საკითხზე ჯერაც არ არსებობს. რეალურად, არც დეცენტრალიზაციის სტრატეგიის საბოლოო ვერსია უნახავს ვინმეს – მას სამთავრობო კომისია ამ დრომდე არ ასაჯაროებს.