ვარკეთილის სადგურზე პროექტირება უკვე დაწყებულია და ნოემბერში პროექტი მზად იქნება, შემდეგ ის შესაბამის ექსპერტიზას გაივლის, ხოლო ექსპერტიზის დასრულების შემდეგ სარემონტო სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდება, – ამის შესახებ BM.GE-ის თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს.
მათივე განმარტებით, გურამიშვილის და ავლაბრის მეტროს სადგურებზე კვლევა დასრულებულია და ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
“მიმდინარე წელს 3 სადგურის კვლევა გამოცხადდა: გურამიშვილის, ვარკეთილის და ავლაბრის სადგურები. თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, ჩვენი მიდგომა შეიცვალა – მეტროსადგურის რეაბილიტაციამდე მისი დეტალური შესწავლა უნდა მოხდეს, რაც გულისხმობს, ინსტრუმენტალურ გეოლოგიურ კვლევებს, ასევე, შენობის მდგრადობის დადგენას.
ამ ეტაპზე, სამივე სადგურის კვლევა დასრულებულია და საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს. კონკრეტულად ვარკეთილის სადგურზე პროექტირება უკვე დაწყებულია და ნოემბერში პროექტი მზად იქნება, შემდეგ ის შესაბამის ექსპერტიზას გაივლის, ხოლო ექსპერტიზის დასრულების შემდეგ სარემონტო სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდება.
რაც შეეხება დანარჩენს სადგურებს, კვლევა დასრულებულია, ადგილობრივ და საერთაშორისო საპროექტო კომპანიებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ხოლო უახლოეს მომავალში ამ ორი სადგური პროექტირება დაიწყება”, – განაცხადეს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.
რაც შეეხება ინვესტიციას, თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განმარტავენ, რომ პროექტის მიხედვით განისაზღვრება ის თანხა, რაც თითოეული სადგურის რეაბილიტაციაში უნდა ჩაიდოს.