ჭახათაში აღმოჩენილი დაზიანებული მღვიმის აღდგენა არ იგეგმება

825

ქუთაისში კლდიაშვილის ქუჩაზე ჭახათას უბანში აღმოჩენილი დაზიანებული მღვიმის აღდგენა არ იგეგმება, რადგან მას ბუნების ძეგლის სტატუსი არ აქვს, – ამის შესახებ “ქუთაისი პოსტს” დაცული ტერიტორიების სააგენტოში განუცხადეს. შესაბამისად, არ შესწავლილა ჭახათას მღვიმის დაზიანებული იერსახე.

გარდა ამისა, სააგენტოში განმარტავენ, რომ მღვიმე სპელეოლოგებმა გამოიკვლიეს. შედეგად, გამოიკვეთა, რომ მღვიმის შიდა ტერიტორიაზე არის სტალაგმიტები და სტალაგნატები, თუმცა, მღვიმე არ წარმოადგენს იმგვარ ღირებულებას, რომ ექვემდებარებოდეს დაცული ტერიტორიის კატეგორიის სტატუსის მინიჭებას.

“შესაბამისად, ობიექტის დაცვა აღემატება დაცული ტერიტორიების კომპეტენციას, რადგანაც მას არ აქვს ბუნების ძეგლის სტატუსი”, – ამბობენ დაცული ტერიტორიების სააგენტოში.

ახალაღმოჩენილი მღვიმის დაზიანებული იერსახის შესახებ ფოტოები ქუთაისელმა ექიმმა, ვახტანგ სიხარულიძემ გაავრცელა, რომელმაც მღვიმე გასული წლის დეკემბერში აღმოაჩინა.

სპეციალისტების შეფასებით, მღვიმე უნიკალურია თავისი ნაღვენთი ფორმებით. მღვიმე, სავარაუდოდ, 30-50 000 წლის წინანდელია, რომელიც, ასევე, სავარაუდოდ, ქვედა ცარცული პერიოდისაა.