დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, გასულ რვა თვეში, ვიზიტორთა რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 8%-ით გაიზარდა. დაცულ ტერიტორიებს ჯამში 889 321 დამთვალიერებელი ესტუმრა.
სააგენტოს ცნობით, ტერიტორიებს თანაბარი რაოდენობის ქართველი და უცხოელი ვიზიტორები ესტუმრნენ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა გაზრდილია 17%-ით.
პირველ 8 თვეში, ყველაზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა შემდეგ ტერიტორიებს:
• მარტვილის კანიონს;
• ყაზბეგის ეროვნულ პარკს;
• პრომეთეს მღვიმეს;
• ოკაცეს კანიონის;
• თბილისის ეროვნულ პარკს.
2019 წლის 8 თვის განმავლობაში ეკოტურისტული სერვისებიდან მიღებულმა შემოსავლებმა შეადგინა 7 836 484 ლარი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 27%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ბოლო წლებში ტერიტორიების განვითარებისთვის 20 მლნ ლარია დახარჯული.
სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ასევე ნათქვამია, რომ მიმდინარე წელს, ვიზიტორებისთვის ოკაცეს ჩანჩქერის ბუნების ძეგლი გაიხსნა, სადაც ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყო და ვიზიტორთა ცენტრი აშენდა. ბუნების ძეგლი ვიზიტორებს მაისის თვიდან მასპინძლობს და 4 თვეში მას 16 000 ადამიანი ესტუმრა.