ფშავ-ხევსურეთის ეროვნულ პარკში ვიზიტორთა ცენტრი აშენდება

993

ფშავ-ხევსურეთის ეროვნულ პარკში ვიზიტორთა ცენტრისა და ადმინისტრაციის შენობის მშენებლობა იწყება. ვიზიტორთა ცენტრი და ადმინისტრაციული შენობა შატილში აშენდება. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

პროექტი დაფინანსებულია გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) მიერ, გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების საკრედიტო ბანკის (KfW) მეშვეობით. ამასთან, სამუშაოები GFA Consulting Group-ის მხარდაჭერით წარიმართება.

ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიები მოიცავს სამი სხვადასხვა კატეგორიის დაცულ ტერიტორიას, ფშავ-ხევსურეთის ეროვნულ პარკს, ასას აღკვეთილსა და როშკის ბუნების ძეგლს. ტერიტორიის საერთო ფართობი 79 908 ჰა-ია. მისი შექმნის მთავარ მიზანს აღმოსავლეთ კავკასიონის ცენტრალური ნაწილის ორგანული სამყაროს დაცვა, აღდგენა და შენარჩუნებაწარმოდგენს.

ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიები გამორჩეულია საქართველოში თავისი უნიკალური ლანდშაფტებისა და საერთაშორისო ბიომრავალფეროვნების თვალსაზრისით, რომელიც მოიცავს საქართველოს წითელი ნუსხით დაცულ, იშვიათ და ენდემურ ფლორისა და ფაუნის სახეობებს.