ცქიტიშვილი: სავარაუდოდ, 1 წელში სურამს განვითარების გენგეგმა ექნება

1149

სავარაუდოდ, 1 წელიწადში სურამს უკვე ექნება განვითარების გენგეგმა, – ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ რეგიონული განვითარებისა ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ჩატარდება იმ სახის სამუშაოები, რომელიც სურამს სრულფასოვან და საერთაშორისო სტანდარტების კურორტად ჩამოაყალიბებს.

“სივრცითი მოწყობის ფარგლებში ჩვენი სამინისტრო ახორციელებს ტურისტულად მნიშვნელოვანი, პოტენციურად საინტერესო ადგილების სივრცითი მოწყობის გეგმებს, რაც გულისხმობს ამ ტერიტორიებისთვის ახალი ფუნქციების მოძიებასაც და არსებული ფუნქციების აღდგენას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მათ ტერიტორიებზე განაშენების ისეთი სახის რეგულირებას, რომელიც მოსახლეობას საშუალებას მისცემს იქ სრულფასოვანი, საერთაშორისო სტანდარტების კურორტები ჩამოყალიბდეს, ამასთან ერთად განვითარების გეგმის შესაბამისად,

სამინისტრო დონორების ან სახელმწიფო ბიუჯეტის დახმარებით უკვე განახორციელებს იმ ინფრასტრუქტურულ პროექტს, რომელიც საჭიროა ამა თუ იმ დასახლების კურორტად ჩამოსაყალიბებლად.

დღეს გადავწყვიტეთ, რომ სურამის განვითარების გეგმას დავიწყებთ, განვახორციელებთ და შესაბამისად, სურამის განვითარებაზეც ერთობლივად ვიმუშავებთ. გამოვაცხადებთ ტენდერს გენგეგმის შემუშავებისთვის – საორიენტაციო ვადა მოითხოვს 9 თვეს, ხოლო შემდეგ დაიწყება საჯარო განხილვები და დამტკიცების პროცედურები. სავარაუდოდ 1 წელში სურამს უკვე ექნება გენგეგმა“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.