სოფელ დიცის მოსახლეობის ერთი ნაწილის პროტესტს და მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან შეკრებას გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი გამოეხმაურა. დავით ონიაშვილის განცხადებით, პროტესტი უსაფუძვლოა და გარკვეულ პროვოკაციულ ხასიათს ატარებს.
„არანაირი უკმაყოფილების მიზეზი დიცელებს არ გააჩნიათ. ტირიფონის სარწყავ არხზე დამონტაჟებული ყველა ტურბინა ჩართულია და არსებული რესურსის 100 % მიეწოდება სოფლებს, მათ შორის, ყველაზე მეტ წყალს, თითქმის 90%-ს, სწორედ დიცი იღებს, თუმცა, მოსახლეობა მაინც უკმაყოფილოა. ეს უკმაყოფილება კი, ხელოვნურადაა შექმნილი და პროვოკაციულ ხასიათს ატარებს. გარკვეული ჯგუფის წევრებს სურდათ სხვადასხვა პოზიციაზე დასაქმება, მაგრამ შესაბამისი კვალიფიკაციის არქონის გამო, ეს ვერ მოხერხდა, ახლა კი, ამგვარი მეთოდებით და ხალხის წაქეზებით ცდილობენ პროვოკაციებს“, – განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით ონიაშვილმა.
მთავრობის ადმინისტრაციასთან, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიცის მცხოვრებლები აქციას მართავენ. დიცის მცხოვრებლები ხელისუფლებისგან სარწყავი წყლის პრობლემის მოგვარებას ითხოვენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, შარშან მიიღეს დაპირება, რომ წლევანდელ სეზონზე წყლის პრობლემა აღარ ექნებოდათ, თუმცა დაპირება არ შესრულებულა, რის გამოც მოსავლის მოყვანას ვერ ახერხებენ და ხილის ბაღებიც ხმება. აქედან გამომდინარე, დახმარებას ცენტრალურ ხელისუფლებას სთხოვენ.
წყარო: ინტერპრესნიუსი
ასევე, იხილეთ წყალმომარაგების ქსელზე მოსახლეობის მხოლოდ 61.0 %-ია მიერთებული