სუს-ი ადასტურებს თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე, ჩორჩანის ტყეში, საოკუპაციო ძალების უკანონო სამუშაოებს

641

“ჩორჩანას ტყის ოკუპაციას აგრძელებენ” – ანტისაოკუპაციო მოძრაობის “ძალა ერთობაშიას” წევრები ფოტო და ვიდეომასალას ავრცელებენ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანის მიმდებარე ტყეში, დე ფაქტო რესპუბლიკის ძალოვანი უწყებების მიერ საგუშაგოს მშენებლობის შესახებ.

მოძრაობის ლიდერი დავით ქაცარავა ამბობს, რომ შესაძლოა ოკუპანტებმა ის გზა დაიკავონ, რომელიც ქართული პოლიციის საგუშაგომდე მიდის.

„ოკუპაცია გრძელდება, ოკუპანტები მოიწევენ ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და ვფიქრობ მათ სურთ ჩორჩანას ტყეში მდებარე ქართულ საგუშაგოსთან მისასვლელი გზის ოკუპირებაც მოახდინონ. არის საშიშროება სოფელ ყობთან დოლომიტის საბადო მიიტაცონ, ეს საბადო რუსებს დასახელებული აქვთ პრიორიტეტებში, რომელსაც თავისად თვლიან.“- ამბობს დავით ქაცარავა.

მოძრაობის კიდევ ერთი ლიდერი ლაშა ბერულავა აცხადებს, რომ ოკუპანტებმა ჩორჩანას მიმდებარედ სამი საგუშაგო მოაწყეს.

„საგუშაგოების რიცხვი ყოველდღიურად იზრდება, გუშინ უკვე მესამე საგუშაგოს მშენებლობა დაიწყეს იმ ადგილას, სადაც არასდროს ყოფილა ე.წ. ადმინისტრაციული საზღვარი. მას შემდეგ, რაც მათ საომარი მოქმედებების შედეგად მოახდინეს ქვეყნის იმ ნაწილის ოკუპაცია, სადაც ახლა არიან, საოკუპაციო ზოლი აქამდე არ ყოფილა. ეს ქმედებები მიმდინარეობს ხელისუფლების გაუგონარი დუმილის ხარჯზე“- ამბობს ლაშა ბერულავა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში (სუს-ი) რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ საოკუპაციო ძალები ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უკანონო სამუშაოებს აწარმოებენ ორ ლოკაციაზე. ხოლო, ოკუპირებულ სოფელ წნელისში განთავსებულია საოკუპაციო ძალების ე.წ. “საგუშაგო”.

„აღნიშნული წარმოადგენს უკიდურესად სახიფათო და დესტრუქციულ ქმედებას, რაც სერიოზულად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს და დამატებით პრობლემებს უქმნის ადგილობრივ მკვიდრ მოსახლეობას საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს. აღნიშნულთან, დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი. პროცესში ჩართულნი არიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარები. ასევე ინფორმირებულია ყველა საერთაშორისო პარტნიორი“, – ამბობენ სუს-ის პრესსამსახურში.