მოვუწოდებ მოსახლეობას, დროზე გამოფხიზლდეს და გადაარჩინოს ტყე, თორემ მერე გვიანი იქნება, – ამის შესახებ პარტია “თავისუფალი საქართველოს” თანათავმჯდომარემ, გოგი წულაიამ განაცხადა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
მისივე თქმით, ტყეში უნივერსიტეტის მშენებლობის პარალელურად, ასეულობით ძირი ხე გაჩეხეს. წულაია ხეების ჭრის შეჩერებას მოითხოვს.
“მუხნარის ტყე სავალალო მდგომარეობაშია, ხმება უნიკალური ჯიშის ხეები, ნაცვლად ტყის გადარჩენისა, მიადგნენ და ასეულობით ძირი ხე გაჩეხეს. გადააყოლეს უნივერსიტეტს, რომელიც კაცმა არ იცის რა შედეგს მოიტანს. მშენებლობა კარგია, მაგრამ არა ტყის ხარჯზე. როგორც ამბობენ, ხეებს გზის გასაყვანად ჭრიან, არადა გზა უკვე არსებობს, მაგრამ ფული რომ დაზოგონ მოკლე გზა გაყავთ და ამას სამ ადგილზე აპირებენ, რაც ტყის განადგურებას გამოიწვევს. ეს არის ეკოლოგიური კატასტროფა. მოვუწოდებ მოსახლეობას, დროზე გამოფხიზლდეს და გადაარჩინოს ტყე, თორემ მერე გვიანი იქნება”, – განაცხადა გოგი წულაიამ.
შეგახსნებთ, რომ “სამოქალაქო მოძრაობის“ წევრებმა 23 მაისს ქუთაისში, მუხნარის ტყეში, აქცია გამართეს და ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობის გამო 150 ძირი, უნიკალური ჯიშის ხის მოჭრა გააპროტესტეს.