თელავის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობა წყლის პრობლემის მოგვარებას ითხოვს. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
ადგილობრივების ნაწილის თქმით, წყალმომარაგების კუთხით განსაკუთრებით რთული სიტუაცია საერთო საცხოვრებლებშია, რადგან სართულებზე წყლის მიწოდების პრობლემა წლებია აქვთ.
“წყლის პრობლემა სულ არის რაც მე აქ ვცხოვრობ. განსაკუთრებით ზაფხულში, როცა ძალიან ცხელა. მეხუთე სართულზე ვცხოვრობ და ხშირად ისე ცოტა მოდის წყალი, რომ ჩემამდე არ ამოდის. ამის გამო მიწევს ხელით მოტანა რაც ძალიან ძნელია’’,- განუცხადა Knews.ge-ს თელავში მცხოვრებმა ნელი ლამაზოშვილმა.
თელავში მცხოვრებლების ნაწილი კი წყლის მარაგის არასწორ გადანაწილებაზე საუბრობს. მათი თქმით, წყალი ხშირად მთელი კვირის განმავლობაში არ მიეწოდებათ.
“ისედაც ორ დღეში ერთხელ გრაფიკით მოგვეწოდება წყალი და ბოლო თვეებია ხან მთელი კვირა ველოდებით. ხან თუ მოდის იმდენად ცოტა რაოდენობით, რომ მარაგის აღებას ვერ ვახერხებთ. ამის გამო გვიწევს წყლის ხელით მოტანა და ძალიან გვიჭირს. წლებია ამბობენ 24 საათიანი წყალმომარაგება გექნებათო და 1 საათით არ მოდის ყოველდღე’’,- განუცხადეს Knews.ge-ს თელავში მცხოვრებლებმა.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, რომ წყალმომარაგებასთან დაკავშირებით პრობლემას გვალვა ქმნის, რის გამოც მისი მარაგი მცირდება.
“თელავში გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია მუშაობს აღნიშნულ საკითხზე და მოსახლეობის წყლით მომარაგებაზეც ის არის პასუხისმგებელი. ჩვენი ინფორმაციით, გვალვის გამო წყლის დებეტი სამჯერ არის შემცირებული და ძირითადად ამან შექმნა პრობლემა. ჩვენ კომპანიასთან ერთად ვმუშაობთ პრობლემის მოგვარებაზე’’,- განუცხადა Knews.ge-ს თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ დავით ბეგიაშვილმა.
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში განმარტავენ, რომ გვალვების გამო წყლის მარაგი 800 კუბიდან 200 -მდე შემცირდა, რამაც წყალმომარაგების პრობლემა შექმნა.
კომპანიის თელავის სერვისცენტრის მენეჯერი შალვა ლაჩაშვილი განმარტავს, რომ პრობლემა ძირითადად აგვისტოს და სექტემბრის თვეში იქმნება.
“ყოველ წელს წყლის მიწოდების პრობლემა ძირითადად აგვისტოსა და სექტემბერში იქმნება ხოლმე. ახლა წვიმების დროს 25 კუბით მოიმატა წყლის მარაგმა და პრობლემაც ეტაპობრივად მოგვარდება.
პრობლემაა ხოლმე ასევე ის, რომ კორპუსებში მაღლა სართულებზე არ ადის წყალი. ამის მოგვარებაზეც ვმუშაობთ.
სექტემბრის განმავლობაში, მანამ სანამ წყლის მარაგი არ გაიზრდება, პრობლემის შემთხვევაში მოსახლეობას ვურჩევთ დარეკონ ცხელ ხაზზე და მივაწვდით წყალს’’,- განუცხადა Knews.ge-სშალვა ლაჩაშვილმა.