მესტიაში ერთ-ერთ მწვერვალს იაპონიას დაარქმევენ

817

მესტიის ერთ-ერთ უსახელო მწვერვალს იაპონიას დაარქმევენ. ინფორმაციას რადიო ათინათი ავრცელებს.

გამოცემის თქმით, ამის შესახებ მერმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა მუნიციპალიტეტში შშმ პირთა სარეაბილიტაციო ცენტრის გახსნაზე განაცხადა. აღნიშნული მწვერვალი მან იაპონიის ელჩს აჩვენა.

მესტიის მერიაში რადიო „ათინათს“უთხრეს, რომ ინიციატივა იაპონიის საელჩოს ეკუთვნის.

„ამ თხოვნით, სამი წლის წინ მოგვმართეს. გადაწყდა რომ,  ერთ-ერთ უსახელო მწვერვალს ლეხზირის მთიდან უნდა ეწოდოს იაპონია. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. უნდა აღინიშნოს, რომ იაპონია ძალიან ტრადიციულია და შეიძლება ბევრი საერთო ჰქონდეს  საქართველოსთან და ჩვენს  რეგიონთან. მთა შერჩეულია და ჩამოყალიბებულია გეგმა, თუ როგორ განხორციელდება პროცედურულად“, – თქვა მესტიის მერის მოადგილე ნელი ნავერიანმა.

მესტიაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სარეაბილიტაციო ცენტრი გაიხსნა. ცერემონიალს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და საქართველოში იაპონიის ელჩი ტადაჰარუ უეჰარა დაესწრო.