სენაკის სოფელ ნოქალაქევში ახალი მუზეუმის მშენებლობა დაიწყო

1083

სენაკის მუნიციპალიტეტში, ნოქალაქევის ისტორიული ციხე-ქალაქის რეაბილიტაციის პარალელურად ახალი მუზეუმის მშენებლობა დაიწყო. ამის შესახებ რადიო “ათინათს”კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ანთიძემ უთხრა.

ნიკოლოზ ანთიძის თქმით, მუზეუმის მშენებლობა დაახლოებით სამ წელიწადში დასრულდება.

“ნოქალაქევის პროექტის რეაბილიტაციის ფარგლებში მიმდინარეობს თვითონ ძეგლის რეაბილიტაცია, ტერიტორიის კეთილმოწყობა და ისტორიული ძეგლების კონსერვაცია. გარდა ამისა მოხდა ძველი, მუზეუმის შენობის დემონტაჟი. მასალები გადატანილია სენაკის მუზეუმში. ახალი თანამედროვე მუზეუმის მშენებლობა დაახლოებით სამ წელიწადში დასრულდება”, – აღნიშნა ანთიძემ.

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელის ინფორმაციით, პროექტი დაფინანსებულია საქართველოს მთავრობის მიერ. მისივე თქმით, წელს სამუშაოებისთვის 2 500 000 ლარია გამოყოფილი.

კოლხეთის სამეფოს ერთ-ერთი ცენტრის, ერისთავ ქუჯის რეზიდენციის და ეგრისის სამეფოს დედაქალაქის ციხე-გოჯი – არქეოპოლისის რეაბილიტაციის სამუშაოები 2016 წელს დაიწყო.