რამდენიმე გაფრთხილების შემდეგ, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზაზე, ხულო-ზარზმის მონაკვეთის მშენებელი კომპანია საავტომობილო გზების დეპარტამენტმა დააჯარიმა. კომპანია „ტოდინს“ ჯარიმა სამუშაოების ვადის გადაცილების გამო დაეკისრა. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
ბათუმისა და ახალციხის დამაკავშირებელ გზაზე, ხულო-ზარზმის 47 კილომეტრიან მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომლის ღირებულებაც 110 მილიონი ლარია, კომპანია „ტოდინი“ ახორციელებს.
კომპანიამ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა. თუმცა ვადების გადაცილებისა და მუშაობის ნელი ტემპის გამო, დეპარტამენტმა მას ჯერ რამდენიმე გაფრთხილება მისცა, შემდეგ კი დააჯარიმა: „ხელშეკრულების შეწყვეტაზე ჯერ საუბარი არ არის, იმიტომ, რომ მათ აქვთ ვადა 2020 წლამდე, თუმცა სამუშაოები სუსტი ტემპით მიმდინარეობს. ფაქტია, რომ ვადას ძალიან არიან ჩამორჩენილები, ამიტომაც დაჯარიმდნენ“, – აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.
მათივე განმარტებით, ადგილზე ისევ გზის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა „პროგრესი ძალიან სუსტია. პროექტს საერთაშორისო დამფინანსებელი ჰყავს და მას უცხოელი ზედამხედველები აკვირდებიან“.
ხულო-ზარზმის მონაკვეთზე, სამუშაოების ვადაგადაცილების შესახებ „სამხრეთის კარიბჭე“ ივლისში წერდა. მაშინ კომპანია „ტოდინში“ ვადების ჩამორჩენის მიზეზად, გოდერძის უღელტეხილზე არსებულ მკაცრ კლიმატურ პირობებს ასახელებდნენ და განმარტავდნენ, რომ ადგილზე გეოდეზიური სამუშაოების მონაცემები მოწმდებოდა. ერთი თვის შემდეგ, იგივეს ამბობს კომპანიის წარმომადგენელი გიორგი კოპალეიშვილი: „მანდ გეოდეზიური სამუშაოები დასრულდა, დანარჩენზე წერილობით მოგვმართეთ“.
„სამხრეთის კარიბჭე“ კომპანიისგან წერილობით მოთხოვნილ ინფორმაციას მეორე დღეა ელოდება.
„ტოდინი“ ის კომპანიაა, რომელმაც ვადების ჩამორჩენასთან დაკავშირებით, საავტომობილო გზების დეპარტამენტისგან საჯარო გაფრთხილება 2018 წლის აპრილშიც მიიღო, სამტრედია-გრიგოლეთის მე-3 მონაკვეთისა და ზესტაფონი-ქუთაისის მონაკვეთის მშენებლობის შესახებ. ამავე წელს კი კომპანიამ ხულო-ზარზის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის გამოცხადებულ ტენდერში.
ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზაზე, სარეაბილიტაციო მონაკვეთი დაბა ხულოდან იწყება, გაივლის გოდერძის უღელტეხილს და ადიგენის სოფელ ზარზმამდე მიდის. გზა, სამცხე-ჯავახეთისა და აჭარის რეგიონებს უმოკლესი გზით დააკავშირებს ერთმანეთთან. ბათუმიდან ახალციხემდე მგზავრობის დრო 1.5 სთ-ით შემცირდება.
გზის რეკონსტრუქციას არაბეთის ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდი (KFAED) აფინანსებს. პროექტის ჯამური ღირებულება 110 210 777 ლარს შეადგენს. სამუშაოების დასრულება 2020 წლის ოქტომბრისთვისაა დაგეგმილი.